კოლუმბია რუსეთს საპროტესტო ნოტას უგზავნის

კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა საპროტესტო ნოტას გაუგზავნის რუსეთს მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, კოლუმბიის სამი მოქალაქე დაიჭრა. ამის შესახებ Anadolu წერს.

სერხიო ჯარამილო, რომელიც კოლუმბიის მთავრობის მთავარი სამშვიდობო მომლაპარაკებელი იყო, მწერალი, ჰექტორ აბად ფაციოლინსე და ჟურნალისტი, კატალინა გომეს ანგელი უკრაინაში წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრნენ და კრამატორსკის რესტორანში იმყოფებოდნენ, როდესაც შენობას რაკეტა მოხვდა.

„რუსეთი თავს დაესხა სამ დაუცველ კოლუმბიელ სამოქალაქო პირს. ამით ის არღვევს ომის წესებს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოაქვეყნოს პროტესტის დიპლომატიური ნოტა“, - ჩვენ ველოდებით სერხიოს, ჰექტორისა და კატალინას მშვიდობიან დაბრუნებას“, - წერს პეტრო Twitter-ზე. 

დღეს დილით უკრაინელმა მაშველებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსული რაკეტით განადგურებული შენობის ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომლის შედეგად 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, დასრულებულია.