თეგი: კოლუმბია

კოლუმბიის პოლიციამ კოკაინით სავსე 20 000-მდე ქოქოსი ამოიღო. გამოცემა Independent-ის ცნობით, ქოქოსების პარტია იტალიის ქალაქ გენუაში უნდა ჩასულიყო. სამართალდაცველების განცხადებით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ 19 780 ქოქოსის რძე თხევადი კოკაინით იყო ჩანაცვლებული. 20 000 ქოქოსი 504 ტომარაში იყო განთავსებული. ტვირთის ამოღების ოპერაცია კოლუმბიის გენერალური პროკურატურის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სპეციალური სამმართველოსა და პოლიციის ერთობლივი ძალებით ჩატარდა.

მეწყერს კოლუმბიაში სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

მეწყერს კოლუმბიაში სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა კი 35 მოქალაქე. ამის შესახებ Al Jazeera წერს. ამასთან, ცენტრალურ კოლუმბიაში, დოსკებრადასის მუნიციპალიტეტში, რისარალდაში, ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია. „ძალიან ძლიერი ხმა გავიგეთ. გარეთ გამოვედით და დავინახეთ, რომ მთის ნაწილი შენობების სახურავებზე იყო ჩამოსული. მივედი ახლოს და დავინახე, რომ ტალახში ადამიანები იყვნენ. ეს კატასტროფა იყო“, - ამბობს ტაქსის მძღოლი, რომელიც შემთხვევას შეესწრო.

კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ყოფილმა პარტიზანმა, გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა

კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ყოფილმა პარტიზანმა, გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა. მოქმედმა სენატორმა არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე სამშენებლო მაგნატი, როდოლფო ერნანდესი დაამარცხა. არჩევნების შედეგებით, გუსტავო პეტრომ მიიღო ხმების 50.5% და მეტოქე 700 000-ზე მეტი ხმით დაამარცხა და კოლუმბიის პირველი მემარცხენე ლიდერი გახდა. გუსტავო პეტრომ არჩევნების შედეგებს ღვთის და ერის გამარჯვება უწოდა. დასავლური მედია წერს, რომ არჩეული პრეზიდენტის თანამოაზრე ფრანსია მარკესი, მარტოხელა დედა და ყოფილი დიასახლისი გახდება კოლუმბიის პირველი შავკანიანი ქალი ვიცე-პრეზიდენტი. პარტიზანული მოძრაობის „ემ-19“-ის ყოფილმა წევრმა, გუსტავო პეტრომ საარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ უფასო საუნივერსიტეტო განათლებით, საპენსიო რეფორმით და არაპროდუქტიულ მიწაზე მაღალი გადასახადების დაწესებით უთანასწორობას შეებრძოლება. პეტრომ ასევე პირობა დადო, რომ სრულად განახორციელებს 2016 წლის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც დაასრულა 50-წლიანი კონფლიქტი კომუნისტურ პარტიზანულ ჯგუფთან, „ფარკ“-სთან, და შეეცდება მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ აქტიურ მარქსისტ-ლენინური დაჯგუფების, „ეროვნული განთავისუფლების არმიის“ მეამბოხეებთან.  

კოლუმბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ჯგუფებთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს

კოლუმბიის პრეზიდენტმა მთავარ შეიარაღებულ ჯგუფებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. 6-თვიანი შეთანხმება ხუთ შეიარაღებულ ჯგუფზე ვრცელდება. ხუთი ორგანიზაცია, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმისაცას მოიცავს. შეთანხმება 2023 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში და მოლაპარაკებებში პროგრესზე იქნება დამოკიდებული.  აგვისტოს თანამდებობის დაკავების შემდეგ, გუსტავო პეტრო „სრული მშვიდობის“ პოლიტიკის მიმართულებით მუშაობს, რათა 50-წლიანი შეიარაღებული კონფლიქტი სახელმწიფოსა და მემარცხენე პარტიზანებისა და მემარჯვენე სამხედროების სხვადასხვა ჯგუფს შორის დასრულდეს. სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც ყოფილმა პრეზიდენტმა ივან დუკემ შეაჩერა, კოლუმბიის მთავრობამ გასულ თვეში განაახლა. ჯგუფთან მოლაპარაკებები 2017 წელს, ხუან მანუელ სანტოსის მთავრობის დროს დაიწყო.  

კოლუმბია რუსეთს საპროტესტო ნოტას უგზავნის

კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა საპროტესტო ნოტას გაუგზავნის რუსეთს მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, კოლუმბიის სამი მოქალაქე დაიჭრა. ამის შესახებ Anadolu წერს. სერხიო ჯარამილო, რომელიც კოლუმბიის მთავრობის მთავარი სამშვიდობო მომლაპარაკებელი იყო, მწერალი, ჰექტორ აბად ფაციოლინსე და ჟურნალისტი, კატალინა გომეს ანგელი უკრაინაში წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრნენ და კრამატორსკის რესტორანში იმყოფებოდნენ, როდესაც შენობას რაკეტა მოხვდა. „რუსეთი თავს დაესხა სამ დაუცველ კოლუმბიელ სამოქალაქო პირს. ამით ის არღვევს ომის წესებს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოაქვეყნოს პროტესტის დიპლომატიური ნოტა“, - ჩვენ ველოდებით სერხიოს, ჰექტორისა და კატალინას მშვიდობიან დაბრუნებას“, - წერს პეტრო Twitter-ზე.  დღეს დილით უკრაინელმა მაშველებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსული რაკეტით განადგურებული შენობის ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომლის შედეგად 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, დასრულებულია.  

კოლუმბიამ და ჩილემ ისრაელიდან ელჩები გაიწვიეს, ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

ბოლივიის წარმომადგენელმა გაეროში, დიეგო პარიმ სამშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ მხარს უჭერენ პალესტინელი ხალხის უფლებებს. „შედეგად, ბოლივიელმა ხალხმა და მთავრობამ მიიღეს გადაწყვეტილება, გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელის სახელმწიფოსთან, რადგან ჩვენ მას მივიჩნევთ სახელმწიფოდ, რომელიც არ სცემს პატივს ადამიანთა სიცოცხლეს, საერთაშორისო კანონს ან საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს,“ - აღნიშნა პარიმ. ბოლივია ასევე ემზადება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად. კოლუმბიამ და ჩილემ ისრაელიდან კონსულტაციებისთვის თავიანთი ელჩები გაიწვიეს. „თუ ისრაელი არ შეაჩერებს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით,“ - განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ. თავის მხრივ, ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანა იწვევს თავის ელჩს ისრაელიდან ღაზის სექტორში ისრაელის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო. განცხადება გაავრცელა ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც აღნიშნავს, რომ მკაცრად გმობენ და დიდი შეშფოთებით აკვირდებიან სამხედრო ოპერაციებს, „რომლებიც მათი განვითარების ამ ეტაპზე გულისხმობს ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის კოლექტიურ დასჯას, პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რისი დემონსტრირებაცაა რვა ათასი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ქალები და ბავშვები“.