ტელეკომპანია „ფორმულას" დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძის, ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ძალადობის წახალისება და კულტივირება ფიზიკურ ძალადობაში გადადის.
მისი შფეასებით, ვერბალური ძალადობით ხდება აგრესიის დაგროვება, შემდეგ გადადის ფიზიკურ ძალადობაში.
„დიდი ხანია, ვაკვირდებით ძალადობის კულტივირებას ქართულ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ძალადობის კულტივირება და მისი წაქეზება მიმდინარეობს. მათ შორის, გვახსოვს, როდესაც რამდენიმე თვის წინ, ამ პარლამენტის გარშემო ადამიანმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციას და ცოცხლად წვავდა. დღემდე ემპათიით საუბრობენ ამ მოვლენასთან დაკავშირებით და ამით, რა თქმა უნდა, ძალადობას ახალისებენ.
ყოველგვარი ძალადობა, მისი წახალისება, კულტივირება, საუბარი, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და ასე შემდეგ, ამით იწყება და ხდება აგრესიის დაგროვება, შემდეგ ეს ფიზიკურ ძალადობაში გადადის.
დიდი ხანია, რაც ამაზე ვსაუბრობთ, ყველას მოვუწოდებთ, რომ ეს ძალადობის წახალისება დასრულდეს. არამხოლოდ ძალადობის წახალისება, ძალადობის იდეის დაფინანსება ხდება. ჩვენ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შემთხვევაში ვნახეთ, სემინარებზე როგორ არის საუბარი ძალადობრივ რევოლუციაზე, საუბარია, თუ როგორ ხდება იარაღის აწყობა და დაშლა, ეს ფინანსდება, მათ შორის, ევროპული და ამერიკული ფონდების მიერ.
შეგახსენებთ, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში, პარლამენტი დღემდე აწარმოებს მონიტორინგს სიძულვილის ენის გამოყენებაზე პოლიტიკოსების მხრიდან, ზოგადად მედიაში. რამდენჯერმე მოვუწოდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებსაც, რომ ჩაერთონ ჯგუფში იმისთვის, რომ შევაფასოთ, თვითრეფლექსია მოვახდინოთ.
ძალადობის მთავარი მიზეზი, მათ შორის, არის ის, რომ ძალადობის კულტივირება ხდება, მათ შორის ძალადობრივი და აგრესიული რიტორიკით”, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
- საია-ს თავმჯდომარე: აუცილებელია, შეწყდეს მაღალი ტრიბუნიდან განცხადებები, რომლებიც შესაძლოა, ძალადობრივ ქმედებებს ახალისებდეს
- მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
27 ივნისს, საცხოვრებელ სახლთან სცემეს „ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს. საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.