ადამიანის უფლებათა ევროპულმა დაუშვებლად ცნო უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც ეხებოდა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას და ქვეყნიდან გაძევებას.
დღეს, 29 ივნისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო იმის გამო, რომ ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებები ამოწურული არ იყო.
უკრაინის მოქალაქე, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ დარღვეულად მიიჩნევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლს. მათ შორის, მუხლებს, რომელთა თანახმად, გარანტირებულია თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით სარგებლობა და აკრძალულია წამება და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ახლა ქვეყანა 2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დატოვა.
2015 წელს, მას უკრაინის მოქალაქეობა მისცა მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. სააკაშვილმა გუბერნატორის თანამდებობა 2016 წლის ნოემბერში დატოვა.
2017 წლის ივლისში, პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოგვიანებით ის პოლონეთის ტერიტორიაზე გააძევეს.
2019 წლის მაისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა და ის დაბრუნდა უკრაინაში, სადაც რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს. 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.