სანქციების კოორდინატორმა ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოს ორგანოებთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ძალიან ვაფასებთ, - განაცხადა
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რა გზავნილი ჩამოიტანა აშშ-დან სანქციების კოორდინატორმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა. კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ყურადღების შენარჩუნება მუდმივად საჭიროა, რადგან რუსეთი ყოველთვის ეძებს ახალ გზებს სანქციების გვერდის ასავლელად.
„ვფიქრობ, რომ როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმ კომპონენტების შეჩერებაზე, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ბრძოლის ველზე ხალხის მკვლელობის გაგრძელებაში ეხმარება. და სანქციების კოორდინატორმა ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოს ორგანოებთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ძალიან ვაფასებთ. ბევრ მათგანთან ბევრი წლის განმავლობაში გვიმუშავია - საბაჟო, სასაზღვრო პოლიცია, ბევრი სხვა, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რათა აკონტროლონ საქართველოში რა შემოდის და რა გადის. ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა.
და მესიჯი, რომელიც სანქციების კოორდინატორმა ჩამოიტანა, იყო ის, რომ ეს საკითხი მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. ზეწოლაა რუსეთისგან, რათა ეს ნაწილები მიიღოს და ერთ-ერთ გზა საქართველოს მსგავს მეზობელ ქვეყნებზე გადის. ასე რომ, მესიჯი არის: „მადლობა თანამშრომლობისთვის და პარტნიორობისთვის ამ სასიკვდილო ნაწილების ნაკადის შეჩერებაში და გთხოვთ, მომავალშიც ყურადღებით და ფხიზლად იყოთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის გვერდის ავლაში რუსეთი ახალი გზების პოვნას ცდილობს“, - განაცხადა დეგნანმა მედიასთან 29 ივნისს, ამერიკის საელჩოში გამართული მიღების შემდეგ.