„მჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალი აქვთ. მოუთმენლად ველით ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ბიზნესისთვის, მხარს ვუჭერთ ამერიკული კაპიტალის შემოდინებას და საქონლის მიმოქცევას ჩვენი ქვეყნის მიმართულებით და პირიქით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისი უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ მიზნების მიღწევაში და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ერებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„უნდა აღვნიშნო, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სხვადასხვა სფეროს - მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების - გაუმჯობესებაში. დიდად ვაფასებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შეთავაზებას. ხალხთა შორის თანამშრომლობის მხარდაჭერით, ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი და გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეწყობის მნიშვნელობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ წელს კელი დეგნანი ბოლოჯერ მასპინძლობს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას, ამერიკის ელჩის რანგში. ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის.
„მეგობრებო, ყველასთვის ცნობილია, რომ ელჩი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში თითქმის დასრულებულია და მინდა გამოვიყენო ეს მომენტი და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის ჩვენს ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში. ქალბატონო ელჩო, მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ულევი წარმატება მომავალ საქმიანობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თქვენი ხილვით საქართველოში!
კიდევ ერთხელ, ქალბატონო ელჩო და ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მილოცვა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულთან დაკავშირებით. მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს დიდი ამერიკელი ერის მეგზური მუდამ!
ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!", - განაცხადა პრემიერმა.