საზოგადოება
ახალი ამბები
დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
რკინიგზაში აცხადებენ, ლიანდაგების მიმდებარედ ჩამოიშალა ნიადაგი. მათივე ინფორმაციით, ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია.
„კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაო.
ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას“,- აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განახლება: ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ.
„უამინდობის გამო, შესაძლოა, შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც. დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ წიფა-მოლითის გადასარბენზეც იგივე მდგომარეობა იყო. ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
კომპანიის თანამშრომლები სრულად მობილიზებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.