პრემიერმა დაადასატურა, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასატურა, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. უფრო ადრე, ამის შესახებ საქართველოში ვიზიტისას საუბრობდა NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში, ხავიერ კოლომინა.

„მოახლოებულ NATO-ს სამიტზე ვიქნებით წარმოდგენილი, საქართველო იქნება წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრის სახით და ვნახოთ. ჩვენი ამოცანა არის, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც.

ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, ისე, როგორც მათ გააჩინეს. გახსოვთ ალბათ, „მაპის“ (წევრობის სამოქმედო გეგმა, რედ.) თაობაზე, მთელი კამპანია აწარმოეს, რომ მაპს რომ მივიღებთ, გავხდებით სამოთხე და მივიღეთ უბედურება. ვერც „მაპი“ ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს, აი მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ვერ აირიდეს თავიდან აი ეს დიდი პროვოკაცია.

ჩვენ ასევე მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები, სხვების განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ NATO-ს გენერალური მდივნის და სხვათა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში, ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯი. ასე რომ, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ, სიმშვიდე გვჭირდება მეგობრებო და გონიერება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერმა ანგარიშის წარდგენის ფარგლებში საუბრისას.

უფრო მეტს NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, შემდეგ ბმულზე გაეცანით.