- უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ, ამას ველით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან
- ძლიერი შეშფოთება არსებობს რეფორმების განხორციელების დონესთან, რიტმთან და ხანდახან, შინაარსთან მიმართებითაც
- ველით, რომ საქართველო ვილნიუსის სამიტში მიიღებს მონაწილეობას და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები სამიტის კომუნიკეში აისახება
ველოდებით, რომ NATO-ს სამიტზე საქართველო სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, თბილისში განაცხადა.
მისი თქმით, სამიტზე დამტკიცდება ძლიერი კომუნიკე, რაც იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია ომის შემდეგ.
კოლომინას თქმით, საქართველო ამ კომუნიკეს ნაწილი იქნება.
„ჯერ ისევ გადაწყვეტის პროცესში ვართ, როგორ წარიმართება ვილნიუსის სამიტი. ველოდებით, რომ საქართველო სამიტში მონაწილეობას, დიდი ალბათობით, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიიღებს. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მადრიდის სამიტში მონაწილეობდა და ბევრი პარტნიორი მაშინ წარმოდგენილი იყო უმაღლეს დონეზე ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე.
საბოლოო ჯამში, საკითხი არ ეხება, ვინ ესწრება სამიტს. ჩვენ საქართველოს ერთგულნი ვართ და მოწოდებული ვართ, რომ ასე გაგრძელდეს, იმის მიუხედავად, ვინ წარმოადგენს ქვეყანას. ვისურვებდი, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი, ვინაიდან, ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ მადრიდში და გვსურს შეფასება, როგორ ხდება ამ გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია.
ველოდებით, რომ სამიტის დასასრულს დამტკიცდება იქნება ძლიერი კომუნიკე, ეს იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია და ასევე ველოდები, რომ საქართველო იქნება ამ პოლიტიკური კომუნიკეს ნაწილი და მასში თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები აისახება”, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
ხავიერ კოლომინას განცხადებით, NATO ღია კარის პოლიტიკის ერთგულია, თუმცა არის რეფორმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს და არსებობს ძლიერი შეშფოთებები რეფორმების შესრულების დონესთან დაკავშირებით. ის მიესალმა უცხოური აგენტების შესახებ კანონის გაწვევას და აღნიშნა, რომ ხსებული კანონპროექტი დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
"მე გადავეცი შეშფოთება რეფორმების ტემპის და არამხოლოდ ტემპის, არამედ, ზოგიერთი რეფორმის შინაარსთან მიმართებითაც. ასევე, ძალიან ნათლად დავაფიქსირე შეშფოთება "უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის" გამო. ჩვენი აზრით, ეს კანონი დემოკრატიულ სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა, რაც ჩვენს პარტნიორებს, როგორიც საქართველოა, უნდა გააჩნდეთ.
მე გამოვთქვი შეშფოთება რეფორმების განხორციელების დონის გამო. ეს, განსაკუთრებით, მართლმსაჯულებისა და ცესკოსთან დაკავშირებით, საარჩევნო რეფორმებს ეხება. ასევე, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით რეფორმები შეშფოთების საგანს წარმოადგენს ჩვენთვის".
„საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, იყო და იქნება. სამუშაო, რომელსაც ვასრულებთ, შესანიშნავია. ვფიქრობ, ჩვენ ეფექტიანად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს", - აღნინშნა ალიანსის გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა.
ხავიერ კოლომინამ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია: "უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია და ასე უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისთვისაც", - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
- მისივე თქმით, ეს ქმნის გარკვეულ სივრცეს რუსეთის მხრიდან პოტენციურად გვერდის ავლისთვის.
მან საქართველოს მხრიდან კარგი სამუშაოს შესრულებას გაუსვა ხაზი, თუმცა რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდების პოტენციურ საფრთხეზე მიუთითა. ამასთან, მოუწოდა მთავრობას, რომ ეს საფრთხე თავიდან აირიდოს.
„ჩვენი პოზიციაა - შეშფოთება. ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. შეშფოთება უფრო ეხება იმ რეაგირებას, რომელიც მოვისმინეთ პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და მთავრობის წევრის მხრიდან. ეს არის კრიტიკული მომენტი, რომ გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება. ეს არის პრიორიტეტი ყველა ჩვენგანისთვის და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ჩვენი პარტნიორებისთვის. ეს ასევე შემაშფოთებელია, რადგან ქმნის გარკვეულ სივრცეს, რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის პოტენციურად თავის არიდებისთვის“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.
მისივე თქმით, საკმაოდ „მკაფიონი არიან ხელისუფლებასთან“, რომ ეს არ უნდა მოხდეს და მოუწოდეს მთავრობას, შესაბამისი ზომები მიიღოს, რომ ეს არ დაუშვას.
კოლომინას თქმით, პარტნიორებისგან და მათ შორის ძალიან ღირებული პარტნიორებისგან, როგორცაა საქართველო, ელიან, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად. მისივე განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის საკითხი იქნება პრიორიტეტული ვილნიუსში, 11-12 ივლისს, NATO-ს სამიტზე.
ხავიერ კოლომინა საქართველოში 23 მაისს ჩამოვიდა რეგიონული ტურნეს ფარგლებში. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრებს თბილისში, ხვალ განაგრძობს.
ის უკვე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს.
დღის ბოლოს, ხავიერ კოლომინა NATO-ს სამეკავშირეო ოფისში შეხვდა ოპოზიციური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობის”, პარტია „საქართველოსთვის“, „ლელო - საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს. ამავე ოფისში მან მოლაპარაკებები გამართა დიპლომატებთან, მათ შორის ამერიკის ელჩ, კელი დეგნანთან.