რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა „მინისტრ“ ინალ არძინბას უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე აკავებდნენ სტამბოლის აეროპორტში. ამის შესახებ Ekho Kavkaza ტელეგრამ არხ „Легитимный“ -ზე დაყრდნობით წერს.
თუმცა Абхазия Центр-ი აღნიშნავს, რომ ხსენებული ინფორმაცია საეჭვოა და სავარაუდოდ, თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა MIT-მა აეროპორტში არძინბა გარკვეული დროით შეაყოვნა, შემდეგ კი, გადაადგილების ნებართვა მისცა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი, ინალ არძინბა 22 ივნისს თურქეთში ჩავიდა.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციით, არძინბამ ხაზი გაუსვა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, რუსი კოლეგების ჩართულობით „აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებისა და საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურების მნიშვნელობას“.
სტამბოლში ინალ არძინბა პრო-რუსული და ანტი-ამერიკული პოზიციის მქონე პარტია „სამშობლოს“ ლიდერს, დოგუ პერინჩეკს შეხვდა. პერინჩეკმა მხარი დაუჭირა თურქეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო სუვერენიტეტის აღიარებას. მან დაარწმუნა არძინბა, რომ ამ მიზანს უახლოეს მომავალში ერთობლივი ძალისხმევით მიაღწევენ და ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ კვიპროსთან დიალოგის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
ამასთან, პერინჩეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თურქეთის მოქალაქეების 90% მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკას“. თავის მხრივ, არძინბამ აღნიშნა, რომ რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ (ასე უწოდებს რუსეთი მის მიერ უკრაინში წარმოებულ ომს) უკრაინაში არის „ნაბიჯი ახალი და უფრო სამართლიანი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბებისკენ“. 27 ივნისს არძინბა თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩს ალექსეი იერხოვს შეხვდა.
არძინბა უკრაინის მიერ ძებნილთა სიაშია.
ვრცლად ამავე თემაზე გაეცაენით: