ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ტოივო კლაარი გაეროს და ეუთოს კოლეგებთან ერთად, მოსკოვში, თბილისში, ოკუოირებულ ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრების გამართვის შესახებ იტყობინება.
ტოივო კლაარი Twitter-ზე წერს, რომ შეხვედრების მთავარი მიზანი 11-12 ივლისს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდისთვის მომზადება იყო.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა.
მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).