პრეზიდენტი მმართველ გუნდს ქალთა კონფერენციაზე არდასწრების გამო აკრიტიკებს

ძალიან მიკვირს, რომ უმრავლესობიდან, მმართველი პარტიიდან, მთავრობიდან, პარლამენტიდან, არავინ არ იკადრა, რომ აქ მოსულიყო, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. პრეზიდენტს უკვირს, რომ „ერთ ადამიანს მაინც არ გაუჩნდა ინტერესი, რომ საქართველოში შედგეს „ასეთი მაღალი დონის კონფერენცია“ - სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ეს არის მარტივი დეპოლარიზაცია“. პრეზიდენტის განმარტებით, დიდი დეპოლარიზაცია „პატარ-პატარა ნაბიჯებისგან“ შედგება.

სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონს თუ არა პრეზიდენტი და მისი აზრები, შენს ქვეყანას პატივი უნდა სცე“.

„ეს ხომ სალომე ზურაბიშვილის ღონისძიება არ არის?! ეს არის საქართველოში გამართული ძალიან მაღალი დონის ქალთა კონფერენცია, რომელიც ტარდება ამ ან სხვა ფორმით ბევრ ქვეყანაში და რომელიც, მგონი, ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და შენს ქვეყანას ზოგჯერ უნდა სცე პატივი. კარგი, პრეზიდენტი არ მოგწონს, აღარ მოგწონს, არ აქვს მნიშვნელობა. პრეზიდენტი არის ამ შემთხვევაში მხოლოდ ინსტიტუტი და არა პიროვნება, ადამიანი, რომლის აზრები შეიძლება, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.