პრეზიდენტი განმარტავს, რატომ „არ მოხერხდა“ მისი ჩასვლა უკრაინაში

საქართვეოლოს პრეზიდენტმა განმარტა, რატომ ვერ მოხერხდა მისი ჩასვლა უკრაინაში.

„არ მოხერხდა და ალბათ, სხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა - რიტორიკის პრობლემები ევროკავშირთან, ხელისუფლების რიტორიკა - ამან ნეგატიურად იმოქმედა“, - ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისი და ზელენსკის ადმინისტრაციების ურთიერთობა გრძელდება.

„რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას, ყველამ იცის, რომ მე ჩამოვიყვანე აქ ზელენსკი. ევროკავშირში ავიწყდებათ, რომ ჩვენი „ტრიოცაა“ შექმნილი. გვეუბნებოდნენ, „ტრიოს“ ნუ „აწვებით“, რადგან აღმოსავლეთის პარტნიორობა არსებობს და ეს არის მთავარი ფორმატიო. მაგრამ ის ფორმატი ცოტა შერყეულია, რადგან ბელარუსი რა ფორმატში უნდა იყოს, გაუგებარია.

ამიტომ, ეს ურთიერთობები გრძელდება. ჩემი ჩასვლა არ მოხერხდა და ალბათ, სხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა. მე რომ უკრაინაში ჩავდივარ, საქართველო ჩადის, ეს პერსონალური ჩასვლა არაა. რიტორიკის პრობლემები რაც გვაქვს ევროკავშირთან, ხელისუფლების რიტორიკა - ამან ნეგატიურად იმოქმედა. ჩვენი კულტურა იყო, რომ შენი მეგობარი როცა ომშია, მასთან არაფერს არჩევ, მის გვერდით დგახარ. ეს არის ჩემი პოზიცია და მგონია, რომ ეს უნდა იყოს ხელისუფლების პოზიცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


სალომე ზურაბიშვილმა სანქციების გვერდის ავლის საკითხზე განაცხადა, რომ საჭიროა დამატებითი თანამშრომლობა, რათა „შავი ხვრელები“ არ გაჩნდეს.

„სანქციებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არისო, რაც დასკვნა [სანქციების კოორდინატორებისგან] მივიღეთ, მაგრამ დასრულებული არაფერია. სანქციების პრობლემა ისაა, რომ ყოველდღიური ზედამხედველობა და ყოველდღიური გამკაცრება უნდა. ამიტომ ალბათ, საჭირო იქნება დამატებითი ტრენინგები, დამატებითი თანამშრომლობა. როგორც ვიცი, შემოგვთავაზეს დამატებითი თანამშრომლობა, რათა დაგვეხმარონ, რომ შავი ხვრელები და საგანგაშო მდგომარეობა არ გაჩნდეს. საჰაერო მიმოსვლა, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რაც საყურადღებოა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, არის თუ არა საქართველო დღეს უფრო ძლიერი თავდაცვისუნარიანობის კუთხით, ვიდრე უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე იყო, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე დუმილს ამჯობინებს.