რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ და ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ გაზარდეს მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენის სიხშირე.
რადიო თავისუფლების თანახმად, „აზიმუტმა“ ფრენების რაოდენობა გააორმაგა - ამიერიდან ავიაკომპანია კვირაში 7 რეისის ნაცვლად 14-ს განახორციელებს. კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დამატებითი რეისები 5 ივლისიდან იფრენს.
„ჯორჯიან ეარვეისმა“, რომელიც მაისიდან ყოველდღიურ ფრენებს ასრულებს რუსეთში კვირაში სამი რეისი დაამატა.
ოფიციალურად ავიაკომპანიას ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა საიტზე უკვე შესაძლებელია ამ რეისებზე ბილეთების შეძენა. ახალი ფრენები ორშაბათს, ხუთშაბათს და კვირას დაემატება.
შესაბამისად, მოსკოვსა და თბილისს შორის კვირაში 24 რეისი შესრულდება.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა. Georgian Airways-ის საფრენოსნო სამსახურის უფროსი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში მისი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა“.