უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით, ოდესაში ჩავიდა.
უკრაინული მედიის თანახმად, ზელენსკიმ მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის ოლექსი ნეიჟპაპას მოხსენება შავ ზღვაში ოპერატიული ვითარების, სამხედრო-საზღვაო ძალების თავდაცვითი შესაძლებლობებისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საზღვაო დრონების პროგრამისა და სარაკეტო პროგრამის განვითარების შუალედური შედეგები და პერსპექტივები.
„რუსეთში ბევრს ეგონა, რომ შავი ზღვა მათი ძალების აკვატორიაა. მტერი იმედოვნებდა, რომ ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალები ვერ გაუძლებდა რუსეთის დარტყმებს. ჩვენი მეომრების გამბედაობამ და ოსტატობამ გაანადგურა და ზღვაში ჩაახრჩო მტრის იმედები“, - განაცხადა ზელენსკიმ.