ძალადობა მიუღებელია, ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერსა და მთავრობის წევრებს - დუნია მიატოვიჩი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი პოლიტიკოსებსა და გავლენის მქონე სხვადასხვა პირს მიმართავს, რომ თავი შეიკაონ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან, ასევე, „ორჯერ დაფიქრდნენ, ვიდრე დაიწყებენ ქვიარ თემის მიმართ თავდასხმას.

დუნია მიატოვიჩის თქმით, ძალადობა სრულიად მიუღებელია და სწორედ ეს იყო მისი მთავარი გზავნილი საქართველოს პრემიერთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეხვედრისას.

მიატოვიჩი „თბილისი პრაიდის“ კვირეულ გახსნაზე, 2 ივლისს გამოვიდა სიტყვით. 

ის აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს წევრ ქვეყანათა ნაწილიც გამოირჩევა ძალადობით ქვიარ თემის მიმართ, რაც ასევე დასაგმობია.

„დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა ვიზეიმოთ თავისუფლება, აღვნიშნოთ სიყვარული, თანასწორობა და მრავალფეროვნება ყველა ადამიანისა. ჩვენ ყველას გვაქვს თანაბარი უფლებები.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ თბილისში სასტიკი ძალადობა მოხდა „ღირსების მარშის“ დროს – იმ ღონისძიებისას, რომელიც აღნიშნავდა თანასწორობასა და თავისუფლებას. ჟურნალისტები და უფლებადამცველები, ვინც მონაწილეობდა და აშუქებდა ამ ღონისძიებას – მათ თავს დაესხნენ. ბევრი დაშავდა და ღონისძიება კი გაუქმდა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალადობა მიუღებელია. შენ შეგიძლია რაიმეს არ დაეთანხმო და გამოხატო ეს, მაგრამ ძალადობა სრულიად მიუღებელია. და ეს იყო ჩემი ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობას გუშინ“.


„როდესაც საზოგადოების ერთი ჯგუფის უფლებები ილახება, ყველა სხვა ჯგუფის უფლებებიც ავტომატურად ილახება, საზოგადოება მთლიანად ხდება ძალადობის სამიზნე. ჩემი გამოცდილებით, თუ ლგბტქი+ თემის წევრებს ესხმიან თავს, (იმავე საზოგადოებაში) თავს ესხმიან ქალებს, ემიგრანტებსა და ყველა სხვა მოწყვლად ჯგუფს. ეს ის არიც, რაც მიუღებელია და რაც არ უნდა ხდებოდეს თანამედროვე, 21-ე საუკუნის ევროპაში“.

მიატოვიჩის თქმით, კანონები, რომლბესაც აქ და სხვაგან წარადგენენ პოლიტიკოსები, შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ ვალდებულებებთან, რომლებიც სახელმწიფომ აიღო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისას. ამ შემთხვევაში კი, ის საუბრობს ევროპულ საბჭოზე.


მიატოვიჩი აცხადებს, რომ გუნდთან ერთად გააგრძელებს თანასწორუფლებიანობაზე მუშაობას: „ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წელს, შეგვეძლება, თბილისის ქუჩებშიც თავისუფლად სიარული – ისევე, როგორც დავდივართ ევროპის სხვადასხვა ქალაქში“. „მეამაყებით და მეამაყება საქართველო, რომ მას ასეთი ძლიერი თემი ჰყავს და მე მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ თანასწორობისა და ღირსებისთვის ბრძოლა. და მოხდეს ისე, რომ გაიმარჯვოს სიყვარულმა და არა სიძულვილმა“.