ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკურად განპირობებული არამეგობრული გადაწყვეტილება.
მინისტრის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მორიგი არამეგობრული ნაბიჯი იყო.
„ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა წინა შემთვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ. ცალსახად მიუღებელია, არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას გააჩნიათ.
ამაში, ვფიქრობ, ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია, რადგან ვიცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან. ალბათ საფუძველიც ზუსტად ეს არის იმ გადაწყვეტილების, რაც მიიღეს, როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და, შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზიანებს და არანაირად არ არგებს. რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამაზე რეაგირება, დარწმუნებული ვარ, ახლაც იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაქცია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
- რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს
- ზელენსკი: ყველა, ვინც ეხმარება აგრესორს, უკრაინისა და მთელი მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს