ჩეხეთმა სომხეთს საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი გადასცა. ამის შესახებ haqqin.az-ი სომხეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს.
მისივე თანახმად, კრიმინალურ იერარქიაში უმაღლესი სტატუსის მქონე პირი სომხეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაშია ბრალდებული და ძებნილი.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ვ.ა.-მ 2016 წლის მარტში სომხეთში ყოფნისას, ერევნის ერთ-ერთ რესტორანში, კომიტასის გამზირზე, ადამიანთა ჯგუფთან შეთანხმებით, „კანონიერ ქურდად“ წარდგენით, ერთ-ერთი მოქალაქისგან, ოჯახის წევრებზე ძალადობის მუქარით, 20 ათასი დოლარი მოითხოვა, ხოლო მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ დაზარალებული რესტორანში Range Rover Sport-ის მანქანით მივიდა, მისგან მანქანაც მოითხოვა და მიიღო მისი მანქანის გასაღები.
კრიმინალური ავტორიტეტის წინააღმდეგ სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასამართლომ დააკმაყოფილა ვ.ა.-ს დაკავების მოთხოვნა, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა.
„კანონიერი ქურდი“ ჩეხეთში იპოვეს. 30 ივნისს ის სომხეთს გადასცეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ერთთვიანი პატიმრობა შეეფარდა.