ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 113-ე შეხვედრა სამ ივლისს გაიმართა.
შეხვედრა ჩატარდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით. Europetime-მა ხსენებულ საკითხზე მხარეების პოზიციები შეკრიბა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ „გამოთქვეს შეშფოთება დაკავებების პრაქტიკის გაგრძელების გამო და ყველა დაკავებულის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდნენ.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებმა ასევე განიხილეს დამატებითი საკითხები, რომლებიც კვლავაც უარყოფითად მოქმედებს საოკუაპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე კერძოდ, „ბორდერიზაცია“ და სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას ამ თემაზე ინფორმაციის გაცვლის ხელშესაწყობად.
EUMM-ის თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მყარი ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ.
თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ.) გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნას ივნისში ლომისობის რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნისას, რამაც ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას მისცა რელიგიური ადგილების მონახულების შესაძლებლობა.
„ამავე დროს მათ გაიმეორეს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული მათი მოწოდება, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილზე მცხოვრები ქალების, კაცების, ბავშვების და მოხუცებისთვის. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას სარწყავი წყლის გაზიარების კუთხით და წაახალისეს შემდგომი წინსვლისთვის შესაბამისი ძალისხმევები.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიებში, რომელთა დროსაც, ყურადღება გამახვილდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელთა შორისაც იყო გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები და უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ ბოლოდროინდელი მოვლენები“, - განაცხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.
თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე მსჯელობისას, ოკუპირებული ცხინვალიდან მონაწილეების მხრიდან მიდგომა „დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით“.
„რა თქმა უნდა, საუბარი იყო უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე, რაც ამ შეხვედრების ფორმატის ერთ-ერთი ნაწილია.
რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციის საკითხს, საუბარი შეეხო ბოლო სხდომებს შორის არსებულ პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს. რაც შეეხება პასუხებს, პასუხები იყო ორდინალური, მათ ახალი არაფერი უთქვამთ და ყველაფერი დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით. მათ კვლავ გააჟღერეს სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს თემა, გაჟღერდა ჩვეულ კონტექსტში, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილია ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია აღნიშნული საკითხის მიმართ და ეს პოზიცია არ შეიცვლება“, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
2019 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში, საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წნელისის მიმდებარედ საპოლიციო საგუშაგო მოაწყო. ოკუპირებულმა ცხინვალმა პროტესტის ნიშნად ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დატოვა და ქართული საგუშაგოს მოხსნა მოითხოვა.
უარის მიღების შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა თავიანთი საგუშაგო სოფელ წნელისში მოაწყვეს, შემდეგ კი, დამატებითი საგუშაგოების მოწყობა და უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩორჩანასა და წაღვლის მახლობლად განაგრძეს.
ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთის შეხვედრაზე დისკუსია შედგა ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებითაც.
„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების საკითხი. ამ თემას მიეძღვნა ვრცელი დისკუსია.
დავიწყებ იმ პირებიდან, ვინც ყველაზე ხანგრძლივ უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ესენი არიან კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე და მათი გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება ძალიან ინტენსიური კონსულტაციები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, იპრმ-ის ფორმატის მონაწილეებთან და ეს დისკურსი, რა თქმა უნდა, გადავა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც. ჩვენ ვიბრძვით, რომ ისინი უმოკლეს ვადებში დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში და ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს პირები არ დაბრუნდებიან საკუთარ ოჯახებში.
რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენ დანარჩენ თანამოქალაქეებს - ლევან პეტრიაშვილს არჩილ ბასნიძესთან ერთად, ორივეს გაუგრძელდა ე.წ. წინასწარი პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 19 ივლისამდე. ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფ ილურიძეს შეეფარდა ორთვიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა. რაც შეეხება სერგო გოგოტიშვილს და თამაზ კახაბრიშვილს, შედგა რამდენიმე ე.წ. სასამართლო სხდომა, ეს ე.წ. სასამართლო სხდომები არ დამთავრებულა და როგორც გაგვიზიარეს ინფორმაცია, ჩანიშნულია კიდევ ერთი ე.წ. სასამართლო სხდომის გამართვა, თუმცა თარიღთან დაკავშირებით, შეხვედრის ცხინვალელ მონაწილეებს ინფორმაცია ამ ეტაპზე თავადაც არ ჰქონდათ“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ 3 ივლისს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე მსჯელობისას, შეხვედრის ცხინვალელი მონაწილეების მხრიდან მიდგომა დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით.
„რა თქმა უნდა, საუბარი იყო უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე, რაც ამ შეხვედრების ფორმატის ერთ-ერთი ნაწილია. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციის საკითხს, საუბარი შეეხო ბოლო სხდომებს შორის არსებულ პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს. რაც შეეხება პასუხებს, პასუხები იყო ორდინალური, მათ ახალი არაფერი უთქვამთ და ყველაფერი დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით.
მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2023 წლის 12 სექტემბერს ჩატარებაზე.