უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 ივლისს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი პრეზიდენტის დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას მწვავე პროტესტი გამოუცხადეს საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებასთან დაკავშირებით.

ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


„ქართველ დიპლომატთან ხაზი გაესვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის შეურაცხყოფა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს შესთავაზეს დაბრუნებულიყო თბილისში კონსულტაციებისთვის, სიტუაციის მოგვარების გზების მოძიების მიზნით,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, დაუყოვნებლივ განიხილოს სააკაშვილის სამკურნალოდ და მოვლის მიზნით უკრაინაში გადაყვანის საკითხი.


3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა.

მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“