თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო აქტიურად ყიდულობს თანამედროვე შეიარაღებას

პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის" პროექტის მეორე მოსმენით განხილვაზე, მომხსენებელმა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ საქართველო პარტნიორების დახმარებით აქტიურად ყიდულობს თანამედროვე შეიარაღებას.

„არ ვიცი, ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია, რომ იარაღს არ ვყიდულობთ - ვეჭვობ არც დაინტერესდით. გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგვცა საშუალება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ხდება თანამედროვე შეიარაღების შეძენა - იქნება ეს საჰაერო თუ სხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია თავდაცვისთვის. აგრეთვე პოლონელებთან ერთად ერთობლივი საწარმო „დელტა-ვებე" დაფუძნდა. მიმდინარე წელს გვექნება უპილოტო საფრენი აპარატები - როგორც მზვერავი საშუალებები, ასევე გამანადგურებლები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ძველი საბჭოური იარაღის ჩანაცვლება, რაც ამ მიმართულებით ერთ-ერთი პროცესია, რასაც ვახორციელებთ“, - მიმართა გიორგაძემ ოპოზიციას რადიო თავისუფლების ცნობით.


პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის" პროექტს განიხილავენ. ინიციირებული ვარიანტის მიხედვით, 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება შემდეგი ცვლილებები:

სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადა შემცირდება: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის იქნება 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; ხოლო უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე.
სამხედრო სამსახურის გავლა წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით“.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე.

2024 წლის 1 იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში თუ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა ხდება. მანამდე ეს ფუნქციები ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის 78-ე მუხლის ჩანაწერის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას „შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე" დაექვემდებარება, „საკუთარი სურვილით“ შეუძლია გაიაროს ან 6, 8 ან 11-თვიანი სამხედრო სამსახური, ან სამხედრო მომზადების პროგრამა, რომელიც, თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, „სწავლასთან თავსებადია“.