ნიკუ პოპესკუ სააკაშვილზე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს. განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ 5 ივლისს.

პოპესკუს განცხადებით, „პოლიტიკური დევნის ატანა“ მიუღებელია.

„ღრმა შეშფოთებას გამოვხატავ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო.

ნებისმიერი პიროვნებისთვის მიუღებელია პოლიტიკური დევნის ატანა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები მისი ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს”, - წერს პოპესკუ Twitter-ზე.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“


3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა.

მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.

უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას.