„როსავიაციამ“ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 284 ავიარეისი დაუშვა - მედია

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ („როსავიაციამ“) რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 284 ავიარეისი დაუშვა. რადიო თავისუფლების თანახმად, დოკუმენტი რუსეთის სახელმწიფო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნდა. საქართველოს ხელისუფლებას ახალი რეისების შესრულების ნებართვა ჯერჯერობით არ გაუცია, რაც ფრენის დასაწყებად აუცილებელი პროცედურაა.

„როსავიაციის" მიერ დაშვებული რეისების დიდი ნაწილი რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ზე მოდის, რომელსაც შემდეგი მიმართულებით სურს ავიარეისების შესრულება:

  • ვლადიკავკაზიდან ბათუმის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • ეკატერინბურგიდან ბათუმის და ქუტაისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • ჟუკოვსკიდან ბათუმის, თბილისის და ქუთაისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • ყაზანიდან ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • კრასნოდარიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის (დოკუმენტში აღნიშნულია რეისების სიხშირის სამიდან შვიდამდე გაზრდა) მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • მაჰაჩყალიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • მინვოდიდან ბათუმის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • მოსკოვიდან ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით (დოკუმენტში აღნიშნულია რეისების სიხშირის სამიდან შვიდამდე გაზრდა);
  • ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმის ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • პერმიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • დონის როსტოვიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • ტიუმენიდან ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • უფიდან ქუთაისის და თბილსის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
  • ჩელიაბინსკიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი).

გარდა ამისა, საქართველოს მიმართულებით ფრენები შესაძლოა, დაიწყოს ავიაკომპანია „როსიამ" (სოჭი-თბილისის მიმართულებით, კვირაში 7-ჯერ) და „იამალმა“ (ტიუმენი-თბლისი და ტიუმენი ბათუმის მიმართულებით, კვირაში ერთხელ). ავიაგადამზიდებს რუსეთის სახელმწიფო უწყების გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.


აღნიშნული ჩამონათვლიდან დონის როსტოვის და კრასნოდარის აეროპორტები უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დაკეტილია, რაც იმის დასტურია, რომ რეისების შესრულებაზე მხოლოდ წინასწარი დაშვება არის გაცემული.

„როსავიაციის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ უწყებამ უარი განუცხადა, ავიაკომპანია „აზიმუტს“, გაეზარდა რეისების რაოდენობა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი ფრენიდან, 14-მდე). ამასთან, უწყებამ არ დაადასტურა რიგი რეისები საქართველოს მიმართულებით.

ამ დროისთვის რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ყოველდღიურ ავიარეისებს ასრულებენ ავიაკომპანია „აზიმუტი“ (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი) და „ჯორჯიან ეარვეისი“ (თბილისი-მოსკოვი-თბილისი). უახლოეს ხანში დაემატება ავიაკომპანია Red Wings-ი (სოჭი-თბილისი-სოჭი და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი).