თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო შსს-ს გადაწყვეტილება, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოეშვა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე აიდა ბალაფქანი. მის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავდა.
მის მიერ 6 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ გაიზიარა ცენტრის პოზიცია, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონო იყო.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანახმად, არსებობდა გონივრული ეჭვი, რომ აიდა ბალაფქანი ქვეყანაში არ შემოუშვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ირანშია დაბადებული.
ორგანიზაციის შეფასებითვე, ეს საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზღვრის კვეთის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო დაწესებულებები კანონმდებლობის ვიწრო და ადამიანის უფლებებისგან იზოლირებულად განმარტების, დისკრეციული უფლებამოსილების თვითნებობად გადაქცევის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების გზით ამკვიდრებენ უცხოელთა უფლებების შემლახველ პრაქტიკას.
თეირანში დაბადებული აიდა ბალაფქანი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, საქართველოში 2022 წლის 26 აპრილს ჩამოვიდა. ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გეგმავდა ქართული ხალიჩებისა და ტრადიციული ქსოვილების კვლევას.
სასაზღვრო პოლიციამ აიდა ბალაფქანს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დიდ ბრიტანეთში გააბრუნა. აიდა ბალაფქანი მიიჩნევს, რომ უარი ეთნიკური ნიშნით უთხრეს, რადგან მისი ბრიტანელი ქმრისთვის პრობლემა არ შეუქმნიათ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, აიდა ბალაფქანის საქართველოში არშემოშვების საფუძვლად პოლიციამ დაასახელა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, „უცხოელს შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში".
სასამართლოში საქმის განხილვისას პოლიცია მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, რომლის გამოც აიდა ბალაფქანის შემოშვება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა.
უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, პოლიცია კანონის დასახელებულ ქვეპუნქტს სისტემატურად იყენებას როგორც დამოუკიდებელ საფუძველს, რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტზე მიუთითებლად და ასევე, სასამართლოში სისტემატურად იშველიებს სახელმწიფო საიდუმლოებაზე მითითებას, რაც რეალურ დასაბუთებაზე უარის თქმას გულისხმობს.