ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას - ჩვენი ვალდებულებაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა

საქართველო გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა, ეს ეტაპი მოთმინებით, გონიერებით გადავლახოთ, ვიყოთ განმჭვრეტნი, შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას საშუალება მივცეთ განვითარდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის ასამბლეისადმი მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა.

ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

„ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ მოგვცა ევროკომისიამ და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში.

საქართველომ უამრავი რეფორმა განახორციელა, საქართველო იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად იყოს შემცირებული, ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას, ფისკალური პოლიტიკა ხდება მიმზიდველი.

ამ ასამბლეებისთვის საქართველო არის ნამდვილად კარგი პარტნიორი. მინდა გითხრათ, რომ ერთად მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო უსაფრთხოების გაძლიერებაში. მინდა დაგიდასტუროთ, რამდენად დიდი პატივია ჩემთვის და რამდენად დიდი სიამოვნებაა ამ ისტორიულ შეკრებაში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


ცნობისთვის, დღეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ფრანკოფონიის ასამბლეას პირველად მასპინძლობს. უშუალოდ ასამბლეის საქმიანობაში კი საქართველო 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთო. 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა ოფიციალური წერილით მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას ასოცირებული წევრობის თაობაზე. სწორედ 48-ე სესიაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ასოცირებული წევრობის თაობაზე.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონსულტაციო, საპარლამენტო ორგანოს. დღეისათვის მის შემადგენლობაში 91 წევრია. 56 სრულუფლებიანი, 17 ასოცირებული, ხოლო 18 დამკვირვებლის სტატუსით. ასამბლეა, დემოკრატიის განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, არის აქტიური პლატფორმა წევრ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგისთვის და მსოფლიოში ფრანგული ენის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული.