ყაზახეთისა და უზბეკეთის შემდეგ, რუსი მომღერლის კონცერტი ყირგიზეთშიც გაუქმდა

ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაში რუსი მომღერლის გრიგორი ლეპსის კონცერტი გაუქმდა.

ინფორმაცია რადიო Azattyk-ს ორგანიზატორებმა დაუდასტურეს.

მათივე თქმით, გადაწყვეტილება ქალაქის მცხოვრებლების უკმაყოფილების გამო მიიღეს.

ყირგიზული მედია აზუსტებს, რომ ლეპსი ქვეყანაში პირადად იყო მიწვეული. მანამდე ცნობილი გახდა მომღერლის კონცერტების გაუქმების შესახებ ყაზახეთს და უზბეკეთში.

ცენტრალურ აზიაში ლეპსის კონცერტების გაუქმებას წინ უძღვის ფართო დისკუსიები სოციალურ ქსელებში. ბევრი მომხმარებელი გამოთქვამს უკმაყოფილებას ხელოვანის მიღების გამო, რადგან ის ღიად უჭერს უჭერს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.


კონცერტების გაუქმების შესახებ ცნობები დაემთხვა გრიგორი ლეპსისა და მომღერალ ნიკოლაი ბასკოვის განცხადებას, რომელიც გულისხმობს ერთი მილიონი რუსული რუბლით ყველა იმ მებრძოლის დაჯილდოებას, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკს გაანადგურებენ.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და მომდევნო სანქციების შემდეგ, რუსმა არტისტებმა დაკარგეს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი, სადაც კონცერტების ჩატარება შეეძლოთ. კერძოდ, ეს შეეხო მათ, ვინც ღიად უჭერდა მხარს ომს და რომლებიც უკრაინამ „ეროვნული უშიშროების საფრთხედ“ გამოაცხადა.