ანდრია ჯაღმაიძე „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით“: ძალადობის საფრთხე შესაძლოა, არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა LGBT ფესტივალის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებაზე.

ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობისკენ საპატრიარქო არავის მოუწოდებს, წარსული გამოცდილების ფონზე, რამდენად არსებობს საფრთხე იმისა, რომ კვლავ მოხდეს ძალადობა გარკვეული ჯგუფის მხრიდან.

„შეიძლება, არსებობდეს საფრთხე, კი, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს სხვანაირად უნდა დარეგულირდეს და ვემხრობით მოსაზრებას, რომ კანონით დარეგულირდეს. ჩვენ ვთქვით, რომ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ, ეს არის მოწოდება,“ -აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

კითხვას, სასულიერო პირების მოწოდების მიუხედავად გარკვეული ჯგუფი მაინც ძალადობს, ანდრია ჯაღმაიძე ასე პასუხობს:

„და რა გავაკეთო, მე ავიღო პასუხისმგებლობა? ხომ მოვუწოდეთ [რომ არ იძალადონ?]“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღესვე, საპატრიარქომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფებას, კანონით შეიზღუდოს „ლგბტ მოძრაობა". საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებას „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით.

განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ მეტეხის ეზოში წაიკითხა.


„ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ და გვაქვს გულწრფელი სურვილი, ძალადობით, ცბიერებითა და მოტყუებით არავინ მოგვახვიოს თავს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, - წერია განცხადებაში.


მისივე თანახმად, „ე.წ. ლგბტ მოძრაობის“ ნამდვილი მიზანია „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“:

„მათ შორის, მოზარდ თაობაში პროპაგანდა, ერთნაირსქესიან წყვილთა ოჯახებად დარეგისტრირება, ბავშვების აყვანა და, ზოგადად, კულტურული კოდის ცვლილება. დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და კარგად ვხედავთ ბავშვებში ამ პროპაგანდის დასაწყისის მცდელობებს“.

როგორც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ „საკითხის საკანონმდებლო წესით დარეგულირებას“.


ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი მონაწილეობდა „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

ამასთან, გაეროს წარმომადგენელმა „მადლობა გადაუხადა შსს-ს, რომ დაცულია თბილისში მიმდინარე პრაიდის ღონისძიების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.“

2-იდან 8 ივლისამდე საქართველოს დედაქალაქში "თბილისი პრაიდის კვირეული" ტარდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური შინაარსის ღონისძიებები, მათ შორის - საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია და პრაიდის ფესტივალი. კვირეულის სლოგანია  - "სიყვარულს ვერ დაამარცხებ".


2021 წელს „ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. დაზარალებულები ხაზგასმით აღნიშნავემ რომ აქამდე დაკავებული არ არის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი, თუმცა მმართველი პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ იმ პერიოდში ჩადენილი დანაშაულს „სამართლებრივი თვალსაზრისით, ორგანიზატორი არ ჰყოლია.“

„პრაიდის კვირეული" შარშანაც გაიმართა. 2022 წლიდან ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე.