ლიეტუვამ 2022 წლის დეკემბრიდან ქვეყანაში არ დაუშვა ბელორუსის 800 და რუსეთის 150 მოქალაქე. ამის შესახებ ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეველინა გუძინსკაიტემ განაცხადა.
2023 წლის დასაწყისიდან ლიეტუვამ ბინადრობის ნებართვის გაცემასა და გაგრძელებაზე 347 რუსსა და ბელორუსს უთხრა უარი.
2022 წლის განმავლობაში უარი ეთქვა მხოლოდ 163 ადამიანს.
ლიეტუვაში შესვლის ნებართვა არ მიეცათ მათ, ვინც შეიძლება, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას.
„ქვეყანაში ბელორუსებისა და რუსების ყველაზე დიდი ნაკადის შესვლა მოხდა გასული წლის დეკემბრამდე პერიოდში, როდესაც არ იყო მკაცრი შემოწმება", - აღნიშნა გუძინსკაიტემ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჯამში, ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვა და ვიზები გაიცა რუსეთის 8 ათას მოქალაქეზე. "ბელარუსის მოქალაქეების შემთხვევაში, ეს რიცხვი დაახლოებით 60 ათასია", - განაცხადა ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ბელორუსი დარჩენილიყო ქვეყანაში, ისინი შესაძლოა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში წასულიყვნენ.