კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშზე სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა ისაუბრა.
პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, ტერორიზმის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სამართლებრივი ბაზის განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებზე.
„საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში ჩვენი უწყება აქტიურად და ეფექტიანად თანამშრომლობს პარლამენტთან და შესაბამის კომიტეტებთან. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაზიარება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან, რომელსაც ყოველკვირეულად მიეწოდება უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხზე უწყების მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიში. 2022 წელს 45 დოკუმენტი გამოიგზავნა, სადაც მოცემული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქვეყანაში და რეგიონში ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი ანალიზი.
საანგარიშო პერიოდში, სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის და ნდობის ჯგუფის ფორმატში გამართულ არაერთ სხდომაში. გარდა ამისა, გასულ წელს სამსახურმა სათანადო რეაგირება მოახდინა პარლამენტიდან მოთხოვნილ 80 შეკითხვაზე, აქედან 36-ზე ნდობის ჯგუფის ფარგლებში“, - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.
რაც შეეხება სამსახურის საქმიანობის ანგარიშს, უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს.
„2022 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები, პირადი შემადგენლობის როტაცია და სხვა უკანონო აქტივობები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ საოკუპაციო ძალების მხრიდან მიმდინარეობდა ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა.
უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთის პოლიტიკამ კიდევ უფრო კომპლექსური სახე მიიღო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესებით და რუსეთის ფედერაციაზე ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულებით გამოვლინდა“, - აღნიშნა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ.
საოკუპაციო ძალის უკანონო ქმედებებზე საუბრისას ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირის უკანონო დაკავება მოხდა.
„მინდა, ერთი სამწუხარო ფაქტიც გითხრათ: დღეს, დილით მოხდა ჩვენი კიდევ ექვსი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, - განაცხადა მომხსენებელმა.
ალექსი ბატიაშვილმა სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიმართულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, 2022 წელს სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის 17 საქმეზე დაიწყო. რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე კი, 3 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
მომხსენებელმა „ჰიბრიდული ომის“ და რბილი ძალის გამოყენების შემთხვევებზე და მათ უარყოფით გავლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეზინფორმაციული კამპანიის უმთავრეს მიზანს კვლავაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს.
ალექსი ბატიაშვილმა უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე საუბრისას ყურადღება კიბერუსაფრთხოებაზე, საერთაშორისო ტერორიზმსა და კონტრტერორისტულ ძალისხმევაზე გაამახვილა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი, პარლამენტის რეგლამენტის 35-ე მუხლის შესაბამისად, დახურულ ფორმატში გაგრძელდა.