ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

ექსკლუზივი

შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის შენებისთვის და მოუწოდებს ქართველ ოფიციალურ პირებს, წინ წაწიონ არსებითი მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის,“ - ამის შესხებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან, პრიორიტეტად დაისახა მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის ლიდერობის აღდგენა და ჩვენი ალიანსების აღორძინება მათ შორის, NATO-ს გაძლიერებით. ნაწილობრივ მისი ლიდერობით, NATO ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის იყო ათწლეულების განმავლობაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის ამ ერთიანობის გამოვლენას ივლისში, ვილნიუსის სამიტზე.

საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია -  ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია NATO-ს უახლოესი პარტნიორებისთვის, რომლებიც მსახურობენ ამერიკელ და NATO-ს სხვა ჯარებთან ერთად. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას.

შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის შენებისთვის და მოუწოდებს ქართველ ოფიციალურ პირებს, წინ წაწიონ არსებითი მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


ცნობისთვის, საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებიც სარგებლობენ მოკავშირეებთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაზრდილი შესაძლებლობებით (ე. წ. „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები'), რაც განპირობებულია NATO-ს ოპერაციებსა და ალიანსის სხვა მიზნებში მათ მიერ შეტანილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილით. გაძლიერებული შესაძლებლობების დანარჩენი პარტნიორები არიან ავსტრალია, იორდანია, შვედეთი და უკრაინა.


ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი.

„სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 7 ივლისს განაცხადა.


იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია.

ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.