„შავი ზღვის სინერგია“: საქართველო ევროკავშირის ანგარიშში

EXCLUSIVE

ევროკავშირმა „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობა დაასრულა. ანგარიში მოიცავს საქართველოსაც, როგორც ინიციატივის მონაწილე შავი ზღვის აუზის ქვეყანას. დოკუმენტში, რომელსაც Europetime გაეცნო, მნიშვნელოვანი ნაწილი ენერგიისა და ტრანსპორტის სფეროს ეთმობა.


ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტრანსპორტის სფეროში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შავი ზღვის მოსაზღვრე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების საერთო საზრუნავი მოიცავს ნაოსნობის თავისუფლებას, საზღვაო უსაფრთხოებასა და საზღვაო გარემოს დაცვას. ამასთან, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა შავი ზღვის რამდენიმე სანაპირო ქვეყანაში საზღვაო ადმინისტრაციის ეფექტიანობა გაძლიერდეს.


ამასთანავე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი  - შავი და კასპიის ზღვის სანაპირო ქვეყნებისთვის გარემოსდაცვითი მდგრადობისა და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ (BCSEA II), 2022 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. პროექტი ეხება საზღვაო უსაფრთხოებას და შავი ზღვის რეგიონში მხარს უჭერს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას, თურქეთსა და უკრაინას - საერთო ბიუჯეტი 3,5 მილიონი ევროა.


  • „რუსეთის აგრესიული ომის შედეგები უკრაინის წინააღმდეგ, სცილდება შავი ზღვის რეგიონს და იგრძნობა მთელ მსოფლიოში, რაც გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, მათ შორის, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, როდესაც რუსეთი მუდმივად უმიზნებს საპორტო ინფრასტრუქტურასა და საწყობებს უკრაინაში.
  • „შავ ზღვაში რუსეთი ხელს უშლის ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლებას, უკრაინის შავი ზღვის პორტების საზღვაო ბლოკადის მცდელობით. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში მდებარე შავი ზღვის პორტში, ოჩამჩირეში რუსეთის მიერ მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებამ უსაფრთხოების რისკები და გამოწვევები შემატა.“
  • ინფორმაციისთვის, ენერგეტიკული გაერთიანება მოიცავს ევროკავშირს, უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს წევრებად, ხოლო თურქეთსა და სომხეთს დამკვირვებლებად.“ ვკითხულობთ დოკუმენტში.

მისივე თანახმად, „მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და უკრაინა, ასევე აქტიური პარტნიორები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობაში - მთავარ დისკუსიებში, რომლებიც მიზნად ისახავს, დააჩქაროს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის თანამშრომლობის ძირითად სფეროებში. სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხება, დაკავშირებადობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, მწვანე და ციფრულ გადასვლებს, ასევე - გაზრდილ თანამშრომლობას ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა ცენტრალური აზია და დასავლეთ ბალკანეთი.


საქართველო

„ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ საქართველო აქტიური მონაწილე იყო „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივაში, მათ შორის, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში, როგორიცაა, საერთო საზღვაო დღის წესრიგი და სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების ზონის მიმართულება,“ ამბობს Europetime-თან საუბარში ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანო.


სტანო ხაზს უსვამს, რომ „შავი ზღვის სინერგია“ არის ევროკავშირის ძირითადი რეგიონული პოლიტიკის ჩარჩო შავი ზღვის რეგიონისთვის და ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი რეგიონში ევროკავშირის ჩართულობისთვის.


„ის ხელს უწყობს თანამშრომლობას პოლიტიკის ფართო სპექტრში, მათ შორის, მდგრადი ლურჯი ეკონომიკის, საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების, მეთევზეობისა და აკვაკულტურის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ასევე შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის,“ ამბობს პიტერ სტანო.


ანგარიში

Europetime რამდენიმე საკვანძო თემას გთავაზობთ

კავშირები ევროკავშირის სხვა პოლიტიკასთან ან სტრატეგიებთან, რომლებიც აქტუალურია შავი ზღვის რეგიონისთვის

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და რეგიონში არსებული სხვა გამოწვევების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობამ დააახლოვა უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და საქართველო ევროკავშირთან - გრძელდება რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა პარტნიორ ქვეყნებში სხვადასხვა სფეროებში. EaP კვლავაც იყო ნორმატიული მამოძრავებელი ტრანსფორმაცია პარტნიორებისთვის რეგიონში.“


ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა - შავი ზღვის აუზის პროგრამა

„2024 წლის იანვარში პროგრამამ დასაფინანსებლად შეარჩია 33 პროექტი, 110-ზე მეტი პარტნიორით. ისინი საქმიანობას უკვე 2024 წლიდან დაიწყებენ. წინადადებების მეორე მოწოდება 2024 წლის მარტში დაიწყო. შავი ზღვის აუზის პროგრამა ევროკავშირის სხვა პრიორიტეტებთან და რეგიონში განხორციელებულ ინიციატივებთან სინერგიით მუშაობს. 11 მილიონი ევრო დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და გააძლიერებს სახელმწიფო ხელისუფლებების შესაძლებლობების განვითარებას, რაც ასევე შეესაბამება უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესებს.


სულ ახლახან, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებით და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამა სულ უფრო სასარგებლო პლატფორმად იქცევა, რათა მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნების გაწევრიანების გზას და ხელი შეუწყოს უკეთეს მმართველობას თანამშრომლობის საკითხებში, მათ შორის, შესაბამისი ორგანოების ადმინისტრაციულ და ინსტიტუციურ შესაძლებლობებათა გაძლიერებით.“


ენერგია და ტრანსპორტი

შავი ზღვის ყველა მეზობელი ვალდებულია, სისრულეში მოიყვანოს წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევა 2050 წლისთვის/ ან დაახლოებით 2050 წელს. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, ისევე როგორც მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შეუერთდნენ გლობალურ დაპირებას, გაასამმაგდეს განახლებადი ენერგიის სიმძლავრე და 2030 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით გაორმაგდება ენერგოეფექტურობა. რუმინეთი და ბულგარეთი  შავ ზღვაში ოფშორული ქარის ენერგიის დარგში განვითარების პერსპექტივაზე მუშაობენ, როგორც ფიქსირებული, ისე მცურავი ტურბინებით. 16-მდე კომპანია ევროკავშირიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაერთიანდა, რათა ევროკავშირის დაფინანსებით შეიმუშაოს 5 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ქარის ტურბინის დემონსტრატორი, რომელიც შავი ზღვის პირობებზე იქნება ადაპტირებული.


მიმდინარეობს მუშაობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაკავშირებადობის ხელშეწყობისთვის, კანონმდებლობის ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ბაზრის ინტეგრაციის მიზნით. მწვანე ენერგიის სფეროში პარტნიორობა 2022 წელს დაიწყეს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა, სადაც გაწევრიანების ინტერესებს უფრო მეტი რეგიონული პარტნიორი იჩენს.


მიმდინარეობს კვლევა, რუმინეთისა და საქართველოს სანაპიროებს შორის მაღალი ძაბვის გადამცემი წყალქვეშა კაბელის შესაძლო გაყვანის თაობაზე, რომელიც განკუთვნილია ორმხრივი სარგებლისთვის, ასევე სხვადასხვა შესაძლო სავაჭრო მარშრუტებზე რეგიონის მასშტაბით - ისეთი განახლებადი საწვავისთვის, როგორიცაა, წყალბადი. ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონალურ პროექტებში, როგორიცაა, შავი ზღვის ელექტრო კაბელი.


ევროკავშირმა შეიმუშავა მეთანის სფეროს სამოქმედო გეგმა, რომელიც ასახავს პოლიტიკასა და აქტივობებს, რომლებიც გლობალურ დონეზე Global Methane Pledge-ის მექანიზმის განხორციელებას შეუწყობს ხელს. სომხეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი შეუერთდნენ Global Methane Pledge-ს და ამ ქვეყნებმა ყოვლისმომცველი შიდა გეგმა უნდა მიიღონ.


ბევრი რამ არის გასაკეთებელი დაპირების მისაღწევად, პოლიტიკიდან დაწყებული ფინანსებით დამთავრებული, ანგარიშგების მონიტორინგამდე და გადამოწმებამდე, და
შავი ზღვის მიმდებარე დანარჩენ ქვეყნებთან ჩართვა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებიც წიაღისეულ საწვავს  აწარმოებენ.


საქართველო და უკრაინა უერთდებიან ამ პარტნიორობას, რომელიც ბულგარეთს, რუმინეთსა და თურქეთს მოიცავს. ეს პარტნიორობა მხარს უჭერს ინვესტიციებს ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სხვა ერთობლივ აქტივობებში, რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავს მკვლევრების ჩართულობის წახალისებას შავი ზღვის სანაპიროს ყველა ქვეყნიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან.


რა არის „შავი ზღვის სინერგია

ევროკომისიამ საზოგადოებას 2007 წელს გააცნო თავისი ახალი გეგმა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ამოცანაა, ერთგვარად შეავსოს უკვე არსებული პროგრამები და შეთანხმებები. "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. პრიორიტეტების ჩამონათვალში შეხვდებით, აგრეთვე, "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების ხელშეწყობას, თუმცა რაიმე კონკრეტულ ინიციატივებს ტყუილად დაუწყებთ ძებნას.


ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა.


ზემოთ აღნიშნულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ხაზი გაუსვა: (i) შავი ზღვის კავშირის პროექტების სწრაფი განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც შექმნილია ევროკავშირის დამატებითი პოლიტიკის მიხედვით; (ii) გააძლიერა და გაამარტივა თანამშრომლობა რეგიონის სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.