რა ვითარებაა ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდ ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე “პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი, დაწვეს.

მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეთა ჯგუფი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ცდილობდნენ „პრაიდ ფესტივალის” მონაწილეები ენახათ, თუმცა ისინი მათ ადგილზე არ დახვდათ.

ამის შემდეგ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ტერიტორიაზე განლაგებული ინვენტარი დააზიანეს.

ლისის ტბის როგორც შიდა, ისე გარე ტერიტორიაზე, მობილიზებულია პოლიცია.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „პრაიდის ღონისძიების„ მონაწილეები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ არიან გაყვანილნი.

ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილიდან მობილიზებული იყო პოლიციელების მაქსიმალური რაოდენობა.

„მოგეხსენებათ, რომ დილიდან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული. აქ იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ქონდათ უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინათ თავისი მანდატი, თუმცა კარგად ნახეთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა კონტრაქციის მონაწილეების. გვქონდა შესაბამისი კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს არის გაშლილი ტერიტორია და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შეეღწიათ, გაერღვიათ პოლიციის კორდონები. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არანაირი დაზიანება მათ არ მიუღიათ. ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა მოხდეს ვითარების სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე.

დღეს მობილიზებული იყო პოლიციის მაქსმალური რაოდენობა, რაც შეიძლება, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის, თუმცა მოგეხსენებათ, ყველა აქციაზე შეუძლებელია 100%-იანი უსაფრთხოება იქნას უზრუნვლეყოფილი და მთლიანად იყოს დაცული განსაკუთრებით როცა საუბარია გაშლილი ტერიტორიაზე. ჩვენ ამ რისკებზე თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით. ხედავთ, რომ კონტრაქციის მონაწილეების დიდი რაოდენობა მოვიდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული“, – განაცხადა დარახველიძემ.


 „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდკვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა იყო „წინასწარ კოორდინირებული“ პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის.

„დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ დღეს დაგეგმილი მოვლენები იყო წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“, - წერს „პრაიდი“ Facebook-ზე.


8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გამოიყვანა. ძალადობრივმა ჯგუფებმა ცისარტყელას დროშა დახიეს დ ინვენტარი დაარბიეს. ფესტივალი ჩაიშალა.