საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ის, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეების აგრესიის შედეგად, პრაიდის კვირეულის დახურვის ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა, თუმცა პოლიცია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებდა.
შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ პოლიციელების მოვალეობა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა იყო და მათ ამ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს, რადგან არავინ დაშავებულა.
„ვნახეთ, რომ ლისის ტერიტორიაზე პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. მათი ამოცანაა, ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყონ და ვნახეთ, რომ არავინ დაზარალებულია, ამიტომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა.
რაც შეეხება თავად ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალადობას ვგმობთ და პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. არ ვიცი, ვინმე დაკავებული არის თუ არა, მაგრამ როგორც მონაწილეების, ისე ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული იყო.
ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, ეს პრობლემაა. პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს. მე ვიცი, რომ პოლიცია წინასწარ ემზადებოდა, რადგან ღონისძიების ჩაშლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობდა. მთავარი ის არის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაიცვეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.