ვოლსკი: ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული „რესურსის“ გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას

„პრაიდის კვირეული“, სხვადასხვა ღონისძიება, კონტრაქცია, მასშტაბური და ნაკლებად მასშტაბური, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი რეალობა, მაგრამ დღეს საქართველოში შექმნილია სხვა რეალობა, როდესაც ძალადობამ შეიძლება, ეს ქვეყანა გაცილებით უფრო დააზიანოს, ვიდრე, მაგალითად, საფრანგეთი, სადაც ამ ნიადაგზე ასევე ხდება დაპირისპირებები, იგივე პოლონეთი, ან ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, - ამით პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ფესტივალს და პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ იდეა არ შეიძლება, ძალადობით დამკვიდრდეს, ვინაიდან წინააღმდეგობა წარმოქმნის ორივე მხარის გარკვეული აგრესიის მოცულობის ზრდას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება.

„ფაქტია, რომ მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა და, რასაკვირველია, ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული „რესურსის“ გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად არის ის თემა, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს.

თვითმყოფადობაზე, ეროვნულ კულტურაზე, იმ რესურსზე, რომელსაც აქამდე ქვეყანა მოუყვანია და აცოცხლებს - ესაა რწმენა, დამოკიდებულება. რასაკვირველია უნდა ვილაპარაკოთ განათლების გზით. იდეის დამკვიდრება არ შეიძლება, მოხდეს ძალადობით, ამას პერსპექტივა არ გააჩნია, უარესის მოტანა კი, ნამდვილად შეუძლია, ვინაიდან არის მოცემულობა, როდესაც წინააღმდეგობა წარმოქმნის ორივე მხარის გარკვეული აგრესიის მოცულობის ზრდას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება“, - აცხადებს ვოლსკი, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.