საქართველოში გერმანიის ელჩია, პეტერ ფიშერი „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაირღვა.
„სევდიანი დღე თბილისში. საქართველოს კანონი დაირღვა. მეტიც, დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მეოცე მუხლით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. სრული მხარდაჭერა თბილისი პრაიდს“, – წერს პეტერ ფიშერი Twitter-ზე.
„მე სრულიად იმედგაცრუებული ვარ, რომ „პრაიდ ფესტივალი“, უსაფრთხოების რისკების გამო დღეს ვერ გაგრძელდა, მიუხედავად წინასწარ მოწოდებული უსაფრთხოების გარანტიებისა", - წერს Twitter-ზე თავის მხრივ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მააიკე ვან კოლდამიც.
ელჩის თქმით, ძალადობის ყველა ორგანიზატორი დღეს და წარსულშიც უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული. „სიყვარული არ შეიძლება, დამარცხდეს“, - წერს მააიკე ვან კოლდამი.
8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა.