სალომე ზურაბიშვილი: მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება

საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ გუნდს მოუწოდა, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, კონტრაქციების წაქეზებითა და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობასა და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთი მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება, ჩვენი კონსტიტუციის მე-17-ე მუხლი და შეკრების თავისუფლება, ეს არის 21-ე მუხლი.


დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცველებთან ადგილიც და პირობებიც და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული. ამდენად ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა, ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა, ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცველი უწყებები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


პრეზიდენტის თქმით, „საგანგაშოა რეალობა, რომ კონრტაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მიერ მოქმედი დეპუტატებისგან.

„ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც ევალებათ ადამიანის უფლებების დაცვა – პარლამენტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ არიან ადამიანის უფლებების დამცველები. ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა ხელი სხვას აკეთებს.


რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებითა და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობასა და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე.

მინდა, დღეს მოვუწოდო პირველ რიგში შსს-ს, რომ რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა და ამას ქვია სამართლის დაცვა, მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირპისრების წაქეზება. ეს მარტივად ხდება იმ „მესიჯბოქსებით,“ რომელიც არის სრულიად გაკონტროლებული,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა.