რა განაცხადა ჰანა მალიარმა ოკუპირებული ყირიმის ხიდზე შარშანდელ თავდასხმასთან დაკავშირებით

CNN-ის თანხმად, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა მიანიშნა, რომ უკრაინული ძალები პასუხისმგებელნი ოკუპირებული ყირიმის ხიდზე შარშანდელ თავდასხმაზე. 

ჩამოთვალა რა 12 უკრაინის მიღწევა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, მალიარმა Telegram-ზე დაწერა: „273 დღის წინ განვახორციელეთ პირველი დარტყმა ოკუპირებული ყირიმის ხიდზე რუსული ლოგისტიკის ჩაშლის მიზნით.“

Telegram-ზე განთავსებულ შეტყობინებაში ასევე ნახსენებია რუსული ხომალდის „მოსკვას“ ჩაძირვა (451 დღის წინ) და გველების კუნძულის გათავისუფლება (373 დღის წინ).

CNN წერს, რომ დაუკავშირდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხიდის აფეთქებაზე პასუხისმგებლობის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია.


ოკუპირებული ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. გამოძიების ვერსით, აფეთქდა დანაღმული სატვირთო მანქანა. აფეთქების შედეგად ჩაინგრა ხიდის ნაწილი და ცეცხლი გაუჩნდა მატარებელს, რომელიც საწვავით იყო დატვირთული. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.

17 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლომ რუსეთის სამ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ყირიმის ხიდზე ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდება წაუყენეს.

რუსეთის ხელისუფლებამ აფეთქების ორგანიზატორად უკრაინის სპეცსამსახურებსს მიიჩნევდა. კიევმა აფეთქებასთან კავშირი უარყო. ამავე დროს, მაისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილ მალიუკმა აღნიშნა, რომ სპეცსამსახური იღებდა გარკვეულ ზომებს ამ ლოგისტიკური გზის გადასაჭრელად.

ანა მალიარის გუშინდელ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა. მან უკრაინის მთავრობას „ტერორისტული რეჟიმი“ უწოდა.

რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა კონტრშეტევის ეტაპზეა და პერიოდულად იუწყება დასახლებების გათავისუფლების შესახებ. რუსეთს უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. რიგმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა აღიარეს კიდეც მოსკოვი ტერორიზმის სპონსორად. ბოლო ასეთი ნაბიჯი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გადადგა. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის თანახმად, ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.