ერდოღანი: მოდით, თურქეთს გზა გავუხსნათ ევროკავშირში და შემდეგ გავუხსნით გზას შვედეთს NATO-ში

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NATO-ში შვედეთის წევრობას, ევროკავშირში თურქეთის შესვლა დაუკავშირა. 

„პირველ რიგში, მოდით, თურქეთს ევროკავშირში გზა გავუხსნათ, შემდეგ კი გზას გავუხსნით შვედეთს ისევე, როგორც ეს ფინეთთან მიმართებით გავაკეთეთ“, - ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიდრე ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ერდოღანმა მიმართა იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით, „50 წელზე მეტია, თურქეთს ალოდინებენ ევროკავშირის კართან“

ერდოღანმა ასევე გაიმეორა, რომ შვედეთის  გაწევრიანება დამოკიდებულია შარშანდელ სამმხრივ შეთანხმებაში ასახული საკითხების შესრულებაზე, რომელიც მადრიდში, NATO-ს სამიტის დროს გაფორმდა.


ვილნიუსში ორდღიანი სამიტის დროს ლიდერები განიხილავენ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს, უკრაინის ალიანსთან დაახლოებას, NATO-ს წინაშე გამოწვევებს და ნაბიჯებს სამხედრო ალიანსის თავდაცვისა და შეკავების გასაძლიერებლად. დღის წესრიგში იქნება შვედეთის წინადადება NATO-ში გაწევრიანების შესახებ.

ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანებაზე მას შემდეგ განაცხადეს, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინასთან ომი დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ფინეთის გაწევრიანება დაამტკიცა, შვედეთის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელოდება.


მანამდე ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთს გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეს, ვიდრე „მწვანე შუქს უნთებს ტერორისტებსა და ტერორისტების მხარდამჭერებს“. NATO-ში გასაწევრიანებლად ყველა წევრის თანხმობაა საჭირო, მათ შორის თურქეთის, რომელიც 70 წელზე მეტია, ალიანსშია და რომელსაც სიდიდით მეორე არმია ჰყავს.