პრიგოჟინი მოსკოვშია სულ მცირე პირველი ივლისიდან - ფრანგული მედია

Wagner Group-ის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი, რომლის ადგილსამყოფელი გაურკვეველია მისი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, სავარაუდოდ, მოსკოვში იმყოფება სულ მცირე პირველი ივლისიდან, იტყობინება ფრანგული გამოცემა Liberation-ი.

მისივე თანახმად, ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში.


ინფორმაცია მოგვიანებით დაადასტურა კრემლის სპიკერმა.

პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი შეხვედრა. მან 35 ადამიანი მიიწვია. რაზმების ყველა მეთაური და ასეულის ხელმძღვანელობა. თავად პრიგოჟინიც. ეს შეხვედრა კრემლში შედგა 29 ივნისს და თითქმის სამ საათს გაგრძელდა“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

პესკოვის თქმით, შეხვედრის დეტალები უცნობია.

„ერთადერთი, რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ პრეზიდენტმა შეაფასა ფრონტზე კომპანიის ქმედებები სამხედრო თავდაცვის დროს და ასევე 24 ივნისის მოვლენები. პუტინმა მოისმინა მეთაურების ახსნა-განმარტებები და შესთავაზა დასაქმების ვარიანტები“, - განაცხადა პესკოვმა.

Liberation-ის თანახმად, პირველ ივლისს პრიგოჟინი კრემლში დაიბარეს „ვაგნერის“ მთავარ მეთაურებთან ერთად, სადაც ის პუტინის გარდა, როსგვარდიის მეთაურს, ვიქტორ ზოლოტოვსა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინსაც შეხვდა.
 
შეხვედრების დეტალებზე გამოცემა არ წერს. პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელორუსში იმყოფებოდა, თუმცა ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და ის რუსეთში დაბრუნდა.