ზელენსკი: ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ NATO-სამიტის ფარგლებში უკრაინის საკითხზე მსჯელობა უკრაინის გარეშე მიმდინარეობს.

ზელენსკი აცხადებს, რომ აფასებს მოკავშირეებს, მაგრამ უკრაინა ანალოგიურ პატივისცემას ითხოვს.

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენ მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბარს.

უკრაინა NATO-ს ვილნიუსის სამიტზე იქნება წარმოდგენილი, რადგან ეს პატივისცემას ნიშნავს, მაგრამ უკრაინა, ასევე, იმსახურებს პატივისცემას. ახლა გზაში მივიღეთ სიგნალები, რომ სამიტზე უკვე დაიწყო მსჯელობა უკრაინის გარეშე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


ზელენსკის შეფასებით, უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ არ არსებობს NATO-ში უკრაინის მიწვევის და წევრობის არანაირი ვადა და ამის ნაცვლად დამატებულია უცნაური ფორმულირება მიწვევის პირობების შესახებ.

ზელენსკის თქმით, როგორც ჩანს, არ არსებობს არც NATO-ში უკრაინის მიწვევის და არც წევრად მიღების მზადყოფნა, რაც ნიშნავს, რომ რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის წევრობით ვაჭრობის შესაძლებლობა, ეს კი რუსეთისთვის ნიშნავს მოტივაციას ტერორის გასაგრძელებლად.

უკრაინის პრეზიდენტი გეგმავს, რომ „ამ ყველაფერზე სამიტზე ღიად ისაუბროს.“


ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს 2-დღიანი სამიტი დღეს, 11 ივლისს გაიხსნა.