სტოლტენბერგის თქმით, NATO-მ უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა უნდა მოხსნას

NATO-ს მოკავშირეები უნდა შეთანხმდნენ, რომ გააუქმონ წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მოთხოვნა, რათა უკრაინა მომავალში ალიანსის წევრი გახდეს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში განაცხადა.

მისივე თანახმად, უკრაინამ დიდი გზა გაიარა მას შემდეგ, რაც 2008 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა წევრობის სამოქმედო გეგმა.

„უკრაინა ბევრად უფრო ახლოს არის NATO-სთან, ამიტომ, ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ეს NATO-ს გადაწყვეტილებებში აისახოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ვილნიუსში NATO-ს ლიდერების სამიტის წინ.

„ნათლად განვმარტავთ, რომ უკრაინა გახდება წევრი, ჩვენ გავაუქმებთ წევრობის სამოქმედო გეგმას, (...) გავუგზავნით ძალიან ძლიერ და პოზიტიურ გზავნილს NATO-ს მხრიდან უკრაინას“, - ამბობს სტოლტენბერგი.


ალიანსის განმდივნის თქმით, ვილნიუსის სამიტი გახდა ისტორიული და ეს მის დაწყებამდე მოხდა, რადგანაც შვედეთი გახდება NATO-ს წევრი.

„ეს არის კარგი როგორც შვედეთისთვის, ისე თურქეთისა და მთლიანად NATO-სთვის. ეს ძალიან კარგია ბალტიისპირეთის რეგიონისთვის, ლიეტუვისთვის და ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.

სამიტზე ჩვენ ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნათელ გზავნილს ვუგზავნით უკრაინას, რომ ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით იმდე ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და ველით, რომ მოკავშირეები ასევე გაიმეორებენ თავიანთ ვალდებულებას, სამხედრო მხარდაჭერით დაეხმარონ უკრაინას მეტი მიწის გათავისუფლებაში.

წევრობის საკითხთან დაკავშირებით, მე ასევე ველი, რომ მოკავშირეები კიევს გაუგზავნიან მკაფიო და პოზიტიურ გზავნილს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. მე წარმოვადგინე სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი უფრო პრაქტიკული მხარდაჭერით, მრავალწლიანი პროგრამით უკრაინის ძალებსა და NATO-ს ძალებს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად.

ეს დააახლოებს უკრაინას NATO-სთან. NATO-უკრაინის საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით, ხვალ გვექნება საინაუგურაციო შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან და შემდეგ მოვხსნით წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნას. ეს უკრაინის გაწევრიანების პროცესს ორეტაპიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესად გადააქცევს. ამდენად, ეს ყველაფერი პოზიტიურ და ძლიერ გზავნილს გააგზავნის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.


მისივე თქმით, მოკავშირეები ასევე მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ NATO-ს შეკავება და თავდაცვა ახალი თავდაცვის გეგმებით და მაღალი მზადყოფნის მეტი ძალებით.

„მე ასევე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან უფრო ამბიციურ თავდაცვითი ინვესტიციების დაპირებაზე, სადაც თავდაცვისთვის მშპ-ს 2%-ს დახარჯვა იქნება მინიმალური ზღვარი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.