გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასისთან „საქართველოსა და ევროპისთვის მნიშვნელოვან დროს” შეხვედრა გამართა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ საუბარი შეეხო გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რომელსაც „საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს“.

„ქართველი ხალხი აფასებს გერმანელი ერის მხარდაჭერას”, - წერს პრეზიდენტი.


ბერბელ ბასი საქართველოს 10 ივლისს ეწვია.

ის დღეს ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

„აღინიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ასევე ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე რეფორმების განხორციელების მიმართულებით.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირის წევრობისადმი.

შეხვედრაზე პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა ურყევია. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

მან გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა გერმანიის მონაწილეობის მნიშვნელობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ასევე, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მნიშვნელოვანი ექსპერტული და ფინანსური ჩართულობის კუთხით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.