- უკრაინისთვის NATO-ს წევრობისკენ მიმავალი გზა ორსაფეხურიანის ნაცვლად, ერთსაფეხურიანი გახდება
- NATO-ში მოწვევაზე გამოვაცხადებთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები იქნება მიღწეული
ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში, სამიტის პირველი დღე პრესკონფერენციაზე შეაჯამა. მან კვლავ გაიმეორა, რომ NATO-ს ლიდერები დღეს შეთანხმდნენ სამ ელემენტზე, რათა უკრაინა დააახლოონ NATO-სთან.
პირველი ელემენტია რამდენიმე წელიწადზე გათვლილი მხარდაჭერის პროგრამა, რათა მოხდეს უკრაინის გადასვლა საბჭოთა ეპოქიდან NATO-ს სტანდარტების წვრთნებსა და დოქტრინებზე, რომ დაეხმარონ უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის აღდგენაში, ამასთან დაფარონ კრიტიკული საჭიროებები, როგორიცაა საწვავი, განაღმვითი აღჭურვილობა და მედიკამენტები.
- ზელენსკი: ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე
„მეორე ელემენტი გახლავთ NATO-უკრაინის ახალი საბჭო, რომელიც განკუთვნილია კრიზისული კონსულტაციებისთვის და გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ საბჭოში ჩვენ შევხვდებით როგორც თანასწორები. ველოდები ამ საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრას ხვალ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ზელენსკი. მესამე ელემენტია ის, რომ ჩვენ დავადასტურეთ, უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და შევთანხმდით წევრობის სამოქმედო გეგმის საჭიროების გაუქმებაზე.
ეს შეცვლის NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზას და ის ორსაფეხურიანის ნაცვლად, ერთსაფეხურიანი გახდება. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვთქვით, რომ გავუგზავნით უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების მიწვევას, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულებული იქნება. ეს არის ძლიერი პაკეტი უკრაინისთვის და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გზას წარმოადგენს“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგი პრესკონფერენციაზე გარკვეულწილად გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვილნიუსში წასვლამდე გაკეთებულ გაცხადებასაც, რომლითაც ის უკმაყოფილებას გამოხატავდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე არსებული ფორმულირების ირგვლივ და აბსურდს უწოდებდა იმას, რომ არ არის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული დრო განსაზღვრული.
„თუ გადავხედავთ NATO-ში ნებისმიერი წევრის მიღების პროცესს - ეს დამოკიდებული არა თუ ვადებზე, არამედ იმ პირობებზე, რომლებსაც ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ამავე პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა დღეს ასევე დაამტკიცეს თავდაცვის ყოვლისმომცველი გეგმა.
„ეს ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად მოხდა. ეს არის შექმნილი ორი საფრთხის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც ვართ – რუსეთი და ტერორიზმი და არის ახალი გეგმები. NATO-ს მიზანია, ჰყავდეს მაღალი მზადყოფნის 300 000 სამხედრო მოსამსახურე, რაც მოიცავს არსებით საჰაერო და საზღვაო ძალებს.
თავდაცვისა და შეკავების გაძლიერება მოითხოვს ძლიერი ინდუსტრიულ ბაზას. ლიდერებმა წარადგინეს თავდაცვის მრეწველობის ახალი გეგემა, ეს გააძლიერებს ერთობლივ შესყიდვებს, ბიძგს მისცემს ურთიერთავსებადობას და შექმნის წარმოების და ინვესტიციების შესაძლებლობებს. ამის გასაკეთებლად აუცილებელია მეტი ინვესტიციების დაბანდება თავდაცვაში. ჩვენი ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ევროპასა და კანადაში თავდაცვის სფეროს დაფინანსება გაიზრდება 8,3 პროცენტით 2023 წელს. ეს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდაა,“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.