აშშ-მა სერბეთის დაზვერვის სამსახურის უფროსის, ალექსანდრ ვულინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სერბეთის დაზვერვის უფროსს აშშ-ში ფინანსურ ანგარიშებს გაუყინავენ. ამასთან, ამერიკის მოქალაქეებსა და კომპანიებს მასთან ბიზნესის წარმოება აეკრძალებათ.
ვულინი, რომელიც ამჟამად სერბეთის დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობს, 2017-2020 წლებში სერბეთის თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა, შემდეგ, 2020-2022 წლებში სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
ვაშინგტონის ცნობით, სერბ მაღალჩინოსანს აქვს ურთიერთობა სერბ იარაღით მოვაჭრე სლობოდან ტეშიჩემთან და მას სერბეთის საზღვარზე იარაღის გადატანაში ეხმარება.
„ალექსანდრ ვულინი ჩარეული იყო ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ უკანონო ოპერაციებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.“ დღეს გადადგმული ნაბიჯები ალქსადნდრ ვულინს აკისრებს პასუხისმგებლობას მის კორუფციულ და დესტაბილიზაციურ ქმედებებზე, რომლებიც ხელს უწყობდა რუსეთის მავნებლურ ქმედებებს რეგიონში“, – განაცხადეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ალექსანდრ ვულინმა განაცხადა, რომ სერბეთი „ანტირუსულ ისტერიაში“ მონაწილეობას არ მიიღებს.