უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ იდეალური იქნებოდა უკრაინის ალიანსის წევრად მიწვევა.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ გასაგებია, უკრაინას არ შეუძლია NATO-ში გაწევრიანება, როცა ომია ქვეყანაში, თუმცა დარწმუნებულია, რომ ომის შემდეგ უკრაინა NATO-ში იქნება.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოხდეს", - განაცხადა ვილნიუსში უკრაინის პრეზიდენტმა.
მან დადებითად შეაფასა იმის აღიარება, რომ უკრაინას MAP-ი აღარ სჭირდება.
უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა უსაფრთხოების გარანტიებს, რომლის შესახებაც ვალდებულებას „დიდი შვიდეულის“ წევრები იღებენ, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ისინი ვერ შეცვლიან ალიანსში გაწევრიანებას.“
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ „დიდი შვიდეულის“ დაპირებები განხილული უნდა იყოს არა როგორც NATO-ს წევრობის შემცვლელ მიღწევად, არამედ, „უსაფრთხოების გარანტიებად ინტეგრაციის გზაზე.“
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად უკრაინას აღარ დასჭირდება NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს. ვიცი, რამდენი დისკუსია, შეხვედრა და მომზადება დასჭირდა ამას. NATO-სთან ურთიერთავსებადობის მისაღწევად გრძელი გზა გამოვიარეთ.
ჩვენი სამხედროები თანამშრომლობენ NATO-სთან. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეუძლიათ თანამედროვე შეიარაღების გამოყენება და მათ დაამტკიცეს, რომ გლობალური დემოკრატია უფრო ძლიერია, ვიდრე ტერორისტების თავდასხმები. მაშინაც კი, როცა უკრაინა არის სრულმასშტაბიან ომში რუსეთთან, ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს. უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რა სამუშაოა შესასრულებელი და ამას ვაკეთებთ.
ვაფასებთ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინას ნატო-ში გასაწევრიანებლად არ დასჭირდება NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. მსურს, ეს სამიტი იყოს წარმატებული ყველასთვის, ჩვენი სამხედროებისთვის, მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის. უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, და საუბარია გარანტიებზე, რომლებიც იმოქმედებს უკრაინის NATO-ში მიმავალ გზაზე, დღეს დადასტურდება „დიდი შვიდეულის“ წევრების მიერ. ეს იქნება მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, სამიტის შედეგები პოზიტიურია, თუმცა ოპტიმალური იქნებოდა, უკრაინას NATO-ში მიწვევა მიეღო.
„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სამიტის შედეგები არის პოზიტიური, თუმცა NATO-ში მიპატიჟება რომ მიგვეღო, ეს იქნებოდა ოპტიმალური. ჩვენ ჯერ არ ვართ NATO-ში, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი დაცვაა ის მხარდაჭერა, რომელიც მოდის მსფლიოს საზოგადოების მხრიდან უკრაინისადმი.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს განასახიერებს უკრაინას, როგორც NATO-ს მომავალ სრულუფლებიან წევრს და როგორც უსაფრთხოების გარანტორს, განასახიერებს უკრაინას, რომელიც არის გამარჯვებული ამ ომში თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის.
მე მესმის, რომ უკრაინის NATO-ში მიწვევა არის ტექნიკური სიგნალი, მაგრამ თუ განვიხილავთ არა მხოლოდ ტექნიკურ საკითხად, ბიუროკრატიად და შევხედავთ, როგორც სერიოზულ ფაქტორს, რომელიც მოქმედებს უკრაინის საზოგადოების მოტივაციაზე, მაშინ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი.
მე ამ მომენტს შევადარებდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მიღებას. ამ სტატუსის მიღება იყო მსგავსი სიგნალი. მაშინაც ვეუბნებოდი პარტნიორებს, კანდიდატობა არ ნიშნავს წევრობას, მაგრამ მას მოაქვს მნიშვნელოვანი მობილიზაცია უკრაინისთვის და წარმოადგენს ძლიერ სიგნალს რუსეთისთვის, რომ უკრაინა არ არის არც ერთი ალიანსის წევრი, მაგრამ არსებობს ნება, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი და იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო.
იგივე ეხება NATO-ში მიწვევას, ეს წარმოადგენს მხოლოდ სიგნალს, თუმცა მე დღეს ვხედავ სხვა მნიშვნელოვან სიგნალს, რომელიც უკვე ვახსენე და ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად. დღეს „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე თუ შეთანხმდებიან, ეს იქნება კონკრეტული ფაქტი, რადგან ეს გარანტიები იმოქმედებს NATO-ს წევრობისკენ გზაზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი“, – განაცხადა ზელენსკიმ.