თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირებას სულ მცირე ოქტომბრამდე ვერ შეძლებს, რადგან თურქეთის პარლამენტის სხდომა შემოდგომამდე არ გაიმართება.
კითხვას, როდის გამართავს პარლამენტი შვედეთის განაცხადზე კენჭისყრას, ერდოღანმა უპასუხა, რომ ამ საკითხის დეპუტატების დღის წესრიგში დაყენება მხოლოდ საპარლამენტო არდადეგების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. თურქეთის პარლამენტის საშემოდგომო სესია პირველ ოქტომბერს იწყება.
ერდოღანის თქმით, ალიანსის სამიტის დაწყებამდე ის NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს შეხვდა.
„ჩვენ განვსაზღვრეთ ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას უახლოეს პერიოდში შვედეთის წევრობის პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თანახმად, საუბარია ორ ქვეყანას შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე, თურქეთის ევროკავშირში მისწრაფების მიმართ შვედეთის მხარდაჭერასა და თურქეთისთვის იარაღის ემბარგოს მოხსნაზე.
„შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ოქმების დამტკიცების უფლებამოსილება პარლამენტს აქვს. ჩვენი დეპუტატები ყურადღებით დააკვირდებიან [შეთანხმებების შესრულების] პროცესს“, - განაცხადა ერდოღანმა.