პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ, კერძო კომპანია Polskie Elektrownie Jądrowe-ს (PEJ) ქვეყანაში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის უფლება მისცა.
ვარაუდობენ, რომ პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგური პომერანიაში, ამერიკული რეაქტორის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით აშენდება. ელექტროსადგურის მშენებლობა 2026 წელს უნდა დაიწყოს, პირველი რეაქტორი კი, 2033 წელს გამოჩნდება.
პოლონეთის კლიმატის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დაგეგმილი ინვესტიცია ახორციელებს პოლონეთის ბირთვული ენერგიის განვითარების პროგრამას, რომელიც შეესაბამება პოლონეთის ენერგეტიკულ პოლიტიკას 2040 წლამდე და ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის მიზნებს.
გასულ წელს პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან ქვეყნის მეორე ატომური ელექტროსადგურის აშენების თაობაზე შეთანხმება დადო, რათა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება შეამციროს.
ბირთვული ენერგიის შესახებ პროგრამის ფარგლებში, პოლონეთი სამი ატომური ელექტროსადგურის (6 რეაქტორით) აშენებას გეგმავს.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ გასული წლის ოქტომბერში განაცხადა.
მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წამოიწყეს.
მან ისიც დაადასტურა, რომ ვარშავა ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან ერთად იმუშავებს პირველი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად.
მისივე თქმით, ხსენებული ფაქტი არ ნიშნავს, რომ პოლონეთი არ განავითარებს ენერგიის განახლებადი წყაროებს.
„თუმცა ჩვენ გვჭირდება სტაბილური ენერგია, რომელსაც დღეს ქვანახშირი უზრუნველყოფს“, - დაამატა მორავეცკიმ.