აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„მინდა, დავიწყო კომენტარით შაბათს ლისის ტბასთან განვითარებულ მოვლენებზე. ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების დანახვა, რომლებიც ძალადობას მშვიდობიანი, დახურული ღონისძიების ჩასაშლელად იყენებდნენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ამას ღმერთის სახელით აკეთებენ.
ახლა ერთანეთს შესაძლოა, ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველანი შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ უპირველესი ქრისტიანული ღირებულებები თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა და პატივისცემაა; და რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.
გასული წლის მოვლენებზე ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იცავდა პოლიცია მოქალაქეებს და აკონტროლებდა მომიტინგეებს. გასული შაბათის ღონისძიების წინა დღეს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ და ისინი კონცერტზე დამსწრე ხალხისაგან უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ. არცერთი მათგანი არ შესრულდა. ჩვენ ეს ვერ ვნახეთ.
ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ არამხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ, ადგილზე შესვლის, ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია.
ძალიან შემაშფოთებელია თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე თავდასხმის ერთი შეხედვით კოორდინირებული სერია. ეს ექსტრემისტები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ შაბათს, იყვნენ ზუსტად იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც ძალადობა მოაწყვეს 2021 წელს.
მათ აქვთ „ფეისბუქის„ გვერდები; ისინი ჩნდებიან ვიდეოებზე, როდესაც ძალადობისკენ მოუწოდებენ სხვებს; ამბობენ, რომ ყბებს ჩაუმტვრევენ და სისხლს დაღვრიან; თბილისის ქუჩებში დადიან და ხალხს ძალადობით ემუქრებიან; ისინი ამაყობენ, როცა ამბობენ, რომ ძალადობის მომხრენი არიან. ვფიქრობ, ყველა უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როდესაც ამ ვიდეოებზე გამოჩენილ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, - განუცხადა ელჩმა მედიას.