კუნძული ზმეინი, სადაც რამდენიმე დღის წინ, ზელენსკი იმყოფებოდა, რუსმა სამხედროებმა დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული შტაბის „სამხრეთის“ განცხადებით, დღეს რუსმა სამხედროებმა ტაქტიკური ავიაციის გამოყენებით შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი დაბომბაეს.

მისივე თანახმად, ფრონტის ხაზზე რუსი სამხედროები თავდაცვით ღონისძიებებს ატარებენ, მაგრამ აგრძელებენ აეროდაზვერვას და აქტიურად იყენებენ ტაქტიკურ ავიაციას და დამრტყმელ უპილოტოებს.

გარდა ამისა, საბრძოლო მორიგეობაზე შავ ზღვაში 9 რუსული გემი იმყოფება, მათ შორის 3 რაკეტამზიდი (ერთ-ერთი მათგანი წყალქვეშა) საერთო აღჭურვით - 18 „კალიბრის“ ტიპის რაკეტამდე.

„თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა 11 რუსი სამხედრო, რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური და მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცა "Мста-Б" გაანადგურეს“, - იუწყება ოპერატიული სამეთაურო შტაბი.


8 ივლისს, ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა და ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებს პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა თითოეულ უკრაინელს, რომელიც ომის 500 დღის განმავლობაში ქვეყანას იცავს.