რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი

შავ ზღვაში გველების კუნძულის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე უკრაინული მედია ამახვილებს ყურადღებას. უკრაინული მედია მესაზღვრეების განსაკუთრებულ სიმამაცეზე წერს.
 
კერძოდ, სამხედროების ცნობებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მესაზღვრეები მტკიცედ იბრძოდნენ შავ ზღვაში სტრატეგიული კუნძულის დასაცავად, როდესაც რუსული ძალების შეჭრის შედეგად კომბინირებული სარაკეტო და საარტილერიო დარტყმა მიიღეს. 
 
  • გველების კუნძული რუსეთის საზღვაო ძალებმა აიღეს და სულ მცირე 13 უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა მისი დაცვის დროს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ ჰერაშჩენკომ.
კუნძულთან სულ რაღაც 44 კილომეტრში, NATO-ს წევრი რუმინეთის სანაპირო ქალაქი სულინა მდებარეობს.
  • სულინა - საპორტო ქალაქი აღმოსავლეთ რუმინეთში, ტულჩის ჟუდეცში. გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, დუნაის დელტაში, სულინის ტოტზე.

მედია წერს, რომ რუსეთს კუნძულის დაკავების შემთხვევაში საშუალება მიეცემა, განათავსოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამშვები და სხვა სამხედრო დანადგარები მდინარე დუნაის დელტაში, NATO-ს 30 წევრიან, თავდაცვის ალიანსთან უფრო ახლოს.

როგორც ცნობილია: რუსეთის უსაფრთხოების წინადადებებში, რომელიც მათ დეკემბერში წარმოადგინეს  შეერთებული შტატებისა და NATO-ს მიმართ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ ალიანსმა შეწყვიტოს ყოველგვარი თანამშრომლობა უკრაინასთან და გაიყვანოს თავისი ძალები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან.
 
ბოლო ინფორმაციით: უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველზე, ვადიმ დანისენკოზე დაყრდნობით წერს, რომ კუნძულ ზმეინს უკრაინელები აკონტროლებენ. 25 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „კუნძულ ზმეინის რაიონში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 82 უკრაინელი სამხედრო დანებდა“. უკრაინელების დაღუპვა რუსული მხარის განცხადებაში არ იყო ნახსენები.
 

24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.


საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.

22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.


24 თებერვალს, გვიან ღამით:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.